Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლების ტიპებად დაყოფა - რას მოუტანს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სკოლებს ?

14 დეკემბერი, 2016 13:22

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. კანონში რამდენიმე ცვლილება შედის. ერთ-ერთი საგულისხმო ცვლილება სკოლების ტიპებად დაყოფას ეხება.

საქართველოს სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდება დაფინანსების, ადამიანური რესურსის, ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. სწორედ ამიტომ, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებიდან იკითხება, სამინისტრო სხვადასხვა ტიპის სკოლის განსხვავებული მოდელით მართვასა და დახმარებას გეგმავს.

კანონში ცვლილებების შემთხვევაში სკოლების მიმართ სამინისტროს აღარ ექნება ერთნაირი მოთხოვნები. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სხვადასხვა ტიპის სკოლას სახელმწიფო განსხვავებულ მოთხოვნებს წაუყენებს. განსხვავებული იქნება სახელმწიფო კონტროლი, მოთხოვნები ადამიანური რესურსების მიმართ და ა.შ.

სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელი სკოლებზე ინდივიდუალურად მორგებული მართვის სისტემის არსებობის აუცილებლობით არის ახსნილი. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს სკოლების ეფექტურობას.

საგულისხმოა, რომ ცვლილება ეხება ბრენდირებასთან დაკავშირებულ მუხლსაც. თუმცა ჯერჯერობით ცხადი არაა, გეგმავს თუ არა სამინისტრო ბრენდირების სისტემის შემოტანას და გამოიყენებს თუ არა ბრენდირების ინსტრუმენტს სკოლების „კარგებად“ და „ცუდებად“ დასაყოფად.

კანონში შესატან ცვლილებებზე სამინისტრო ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებს. როგორც ჩანს აღმასრულებელი უწყება პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების განხილვის დაწყებას ელოდება. „ლიბერალმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარი ჯაშთან დაკავშირება (საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განათლების კომიტეტია).

საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით კითხვები დაინტერესებულ საზოგადოებას უკვე გაუჩნდა. ცვლილებების არსთან, მიზანთან და იმპელმენტაციასთან დაკავშირებული უკვე არაერთი შეკითხვა დაისვა სოციალურ ქსელებში.

„ლიბერალი“ განათლების ექსპერტებს შალვა ტაბატაძესა და რევაზ აფხაზავას ესაუბრა, რომლებმაც კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასეს.

შალვა ტაბატაძე

"რაც შეეხება უშუალოდ სკოლის ტიპებს, კანონპროექტითა და განმარტებითი ბარათით მსჯელობა და შეფასება, სამინისტროს მხრიდან სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენამდე, გამიჭირდება. იმედია, ეს მალე მოხდება. ზოგადად, მივესალმები სხვადასხვა მიდგომის დანერგვას განათლების პოლიტიკაში, მათ შორის დაფინანსებასა და მართვაშიც. თუმცა სკოლის ტიპების შექმნის კრიტერიუმები და საფუძვლები არ ჩანს და მიჭირს მსჯელობა. რაც არ მომეწონა განმარტებით ბარათში, არის ის, რომ სკოლის ტიპები მიბმულია ბრენდირების საკითხთან. ზოგადად, ბრენდირება და მასთან დაკავშირებული პროცედურები საკმაოდ რთული და საკამათო თემაა. სკოლების შეფასება გვჭირდება ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათ დასახმარებლად და არა სკოლების კლასიფიკაციისთვის - „ცუდად“ და „კარგად“. მით უმეტეს, თუ რომელიმე სკოლა ვერ აკმაყოფილებს რაიმე სტანდარტს, აქ ძირითად შემთხვევაში საჯარო სკოლებთან მიმართებით თვითონ სახელმწიფოს წილია უდიდესი. ამიტომ გაუმართლებელია სკოლების კლასიფიკაცია „ბრენდირებიდან“ გამომდინარე. დაყოფა საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებას და არა რაღაც მექანიზმით სკოლებისთვის სტიგმების მიკერებას."

რევაზ აფხაზავა

"ჩვენთვის პოზიტიური ის არის, რომ ამ ცვლილებებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომისთვის, გარკვეულწილად სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის ნიშნები ჩნდება. სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მოტივაციის მქონე სკოლებთან სხვადასხვა რეგულაციები იქნება გამოყენებული: სკოლები, რომლებსაც მეტი დახმარება სჭირდებათ, მეტ დახმარებას მიიღებენ; ხოლო სკოლები, რომლებსაც რეგულაციების თვალსაზრისით მეტი თავისუფლება სჭირდებათ, მეტი თავისუფლება ექნებათ. ჩვენი კოალიცია ამას მიესალმება და ამ მიმართულებით ხშირად გვქონდა კონსულტაციები სამინისტროსთან. თუმცა აქ მნიშვნელოვანია იმპლემენტაციის დონე, რომ სამოქალაქო საზოგადოება ისევ აქტიურად იყოს ჩართული, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ პროცესში არის ის, თუ რა პრინციპით მოხდება ამ სკოლების დაჯგუფება.

რაც შეეხება ბრენდირებას, ის ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია. უკეთესი იქნებოდა აქამდე უფრო მეტი საჯარო განხილვა მოწყობილიყო, რომ კარგად გვცოდნოდა, რას გულისხმობს ეს საკითხი, რადგან წარსული გამოცდილებიდან გვახსოვს ბრენდირების უარყოფითი შედეგები. თუ ვილაპარაკებთ საჯარო სკოლებზე, რომლებიც ცალსახად თანაბრად უნდა იყვნენ ხელმისაწვდომი და ეს სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, სახელმწიფოს მიერვე გარკვეული რეიტინგების შექმნა, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა ამაზე სამინისტროს პოზიცია ჩვენთვის უცნობია. დეტალებზე ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, კარგი იქნებოდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები წინასწარ ჩატარებულიყო."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^