IDFI-ის ინფორმაციით, 2011-2016 წლებში თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ შემოსავლის სახით სულ 1 947 282 ლარი მიიღო.
ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.
2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.
„მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოსჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36" - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.
ამასთან, IDFI-ის მიერ შესწავლილი 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა გაიცა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით. 2016 წელს (16 აგვისტოს მდგომარეობით) გაცემული ნებართვების 30% (35) მოდის მშენებლობაზე; 2015 – 76% (132); 2014 – 87% (108); 2013 – 68% (117).
რაც შეეხება ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვიდან მერიის მიერ მიღებულ შემოსავალს, იგი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
- 2011 – 46,844 ლარი
- 2012 – 89,836 ლარი
- 2013 – 184,207 ლარი
- 2014 – 263,813 ლარი
- 2015 – 695,804 ლარი
- 2016 (5 სექტემბრისმდგომარეობით) – 666,778 ლარი
დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში თბილისის მერიის მიერ სულ აღრიცხულია 1,823 ხე-მცენარის უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შემთხვევა, საიდანაც 2016 წელს ფიქსირდება - 274, 2015 წელს - 839, ხოლო 2014 წელს - 710.