უზენაესო სასამართლოს მიერ გამოქვყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოებში სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - ამის შესახებ IDFI-ის მიერ გამოქვეყნნებული ანგარიშის შეჯამებაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, 2011 წელს შუამდგომლობათა რაოდენობა 7,000-ზე მეტი იყო (მხოლოდ პროკურატურის), ხოლო 2015 წელს - 400-ზე ნაკლები (ჯამურად ყველა საგამოძიებო ორგანოსი ერთად). სტატისტიკის მიხედვით, ასევე შემცირდა სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების პროცენტული წილი. კერძოდ, 2011-2012 წლებში სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა წარდგენილი შუამდგომლობების თითქმის 100%, ხოლო უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სასამართლო აკმაყოფილებს - დაყენებული შუამდგომლობების არაუმეტეს 84%.
კვლევის თანახმად, 2015 წლიდან პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოცემულია მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების რაოდენობის შესახებ. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ვადის გაგრძელების შესახებ სულ 85 შუამდგომლობა იქნა განხილული, მათგან სრულად დაკმაყოფილდა 72, ნაწილობრივ კი 9, არ დაკმაყოფილებულა მხოლოდ 4 მოთხოვნა. შედეგად, მიყურადებისა და ჩაწერის გაგრძელებაზე მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი 95%-ს შეადგენდა.
„2016 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სატელეფონო მიყურადების ვადის გაგრძელების შესახებ სულ განიხილეს 150 შუამდგომლობა, მათგან სრულად დაკმაყოფილდა 137 და ნაწილობრივ 5. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობამ კი რვა შეადგინა. მოთხოვნათა დაკმაყოფილების წილმა კვლავაც 95% შეადგინა.
ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის 2016 წლის სრული მონაცემები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, სადაც გაერთიანებულია როგორც სატელეფონო მიყურადებაზე, ისე სხვა ფარული მოქმედებების შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები. 2015 წლის მონაცემებით საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში სულ შევიდა 2,719 შუამდგომლობის მოთხოვნა, რომელთაგანაც განიხილეს 2,693. საბოლოო ჯამში სრულად დაკმაყოფილდა 2,098 და ნაწილობრივ 251 მოთხოვნა. შუამდგომლობის მოთხოვნას უარი მხოლოდ 344 შემთხვევაში ეთქვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ სუს-ს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით, განახორციელოს ფარული მიყურადება. შესაბამისად, შესაძლოა პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, სრულად ვერ ასახავდეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ რეალურ მდგომარეობას" - ნათქვამია ანგარიშში.