ავლაბარში,ისნის #18-ში, სომხური ეკლესიის (შამქორეცის ეკლესია) გვერდით საცხოვრებელი სახლი შენდება. პროექტის გეგმარებით დავალების მიხედვით, ობიექტი ძირითადად, ოთხკუთხოვანი, რკინა-ბეტონის კარკასული, შეკრული სამსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, ტერასით. მიწის ნაკვეთის ფართობი არის 560 კვ.მ. ხოლო განაშენიანების - 287.7
„ტფილისის ჰამქრის“ ცნობით, საცხოვრებელი სახლი ძალიან ახლოსაა ეკლესიასთან, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი მთლიანად დაფარავს მის აღმოსავლეთ ფასადს და სახლის მშენებლობა იმ ურნაბულ სივრცეში დაუშვებელია. „ტფილისი ჰამქრის“ ინფორმაციით, პროექტში, ფოტოებსა და რენდერებზე ეკლესია არ არის ასახული.
„რენდერებზე არც შამქორეცის ეკლესია აქვთ ნაჩვენები და არც რეალური საპროექტო უბანი. არსებული ტერიტორიის ფოტოზე არ არის ნაჩვენები, რომ სახლი ეკლესიის სიახლოვეს შენდება! ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იტყუებიან ინვესტორ/არქიტექტორები და როგორ „ტყუვდებიან“ არქიტექტურის სამსახურის საბჭოს წევრები! ამ სიცრუეში კი გაუცხოებულ ქალაქს ვიღებთ“. - ნათქვამია „ტფილისის ჰამქრის“ განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.
ეკლესია მე-19 საუკუნის დასაწყისში შამქორიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს. მისი გუმბათი 1989 წელს მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.
ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ ამ მშენებლობით ძეგლის დაცვის ზონები ირღვევა და ეკლესიასთან ახლოს მსგავსი ტიპის საცხოვრებლის მშენებლობა შეუსაბამოა.
„შამქორეცის ეკლესია სრულიად გამორჩეული, ისტორიული ძეგლია, რომელიც მიეკუთვნება შამქორიდან გადმოსახლებულ თემს და თავის დროზე ყველაზე დიდი ეკლესია იყო თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ დანგრეული სახითაა მოღწეული დღეს, მისი მნიშვნელობა ამით არ კნინდება. აქედან გამომდინარე, ძეგლს აქვს თავისი დაცვის ზონები. ამ მშენებლობით ეს ზონები ირღვევა და სრულიად შეუსაბამოა ასეთ ტიპის მოცულობის მშენებლობა ეკლესიის სიახლოვეს, რადგან მთლიანად დაიფარება ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი. რამდენად პროფესიონალურად არის შედგენილი პროექტი, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ იტყუებიან პროექტის ავტორები, რადგან არსად არ არის მითითებული, არც რეალურ ფოტოებში, არც რენდერში, რომ გვერდზე დგას ასეთი ტიპის ნაგებობა. გეგონებათ, რომ ეს სახლი, სადღაც ტრიალ მინდორზე უნდა აშენდეს. მიუხედავად ამისა, ეს უბანი იმდენად მნიშვნელოვანია, არქიტექტურის საბჭოს წევრები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს შამქორეცის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაა და სხვა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ სამსართულიანი შენობა, პლუს ზედა მოცულობით, არღვევს ძეგლის როგორც ფიზიკურ, ისე ვიზუალური დაცვის არეალს. ის, რომ კულტურის სამინისტრომ განიხილა ეს საკითხი, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ სათანადო სიმაღლეზე, რასაც ჰქვია ძეგლის ინტერესების დაცვა“. - განაცხადა ელისაშვილმა
აღნიშნულ საკითხზე თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან „ლიბერალს“ აცნობეს, რომ არქიტექტურის სამსახურმა საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გაუგზავნა განსახილველად, საიდანაც დადებითი დასკვნა გაიცა. ამასთან, მერიის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ ფოტომონტაჟში ჩანს ეკლესიის ფრაგმენტი.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, ქ. თბილისში, ისნის ქ. N18-ში საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი გადაიგზავნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, განიხილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ურბანულმა სექციამ და მიეცა დადებითი შეფასება (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 17 თებერვლის N07-13/158 წერილი). შესაბამისად, შენობის ვიზუალური მხარის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში შენობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე იმსჯელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ურბანულმა სექციამ.
სამსახურის მიერ 13.06.2014 წლის №1306215 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო შენობის მინიმალური დაშორება საკადასტრო საზღვრიდან არსებული დანგრეული ეკლესიის მხარეს არის 3,50 მ, ხოლო მაქსიმალური დაშორება - 4,70მ. შენობის ჩაღრმავება გრუნტიდან არის 2,2მ“.
მათი თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ ფოტომონტაჟში ჩანს მომიჯნავე ეკლესიის ფრაგმენტი. იხ თანდართული ფოტო.
მარცხნივ ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ნაწილი
შამქორეცის ეკლესია დანგრევამდე
ფოტო: „ტფილისის ჰამქარი“