Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმაურით შეწუხებული მოქალაქეები პარლამენტში და „მურვან ყრუს ორდენი" დეპუტატებისთვის

14 თებერვალი, 2017 19:56

„ჩემი სახლის ქვემოთ ბარში ყოველდღე ერთსა და იმავე ცოცხალ მუსიკას უკრავენ. ჩემი საძინებლის ქვეშ სცენაა. სახლში რომ მივდივარ, მინდა 12-ზე დავიძინო, მაგრამ მუსიკა დილის 5-მდე უკრავს.

ჩემი სახლის წინ ქართულ სიმღერებს რთავენ, მერაბ სეფაშვილსა და მსგავს სიმღერებს... გვერდით კიდევ სხვა მუსიკას უკრავენ მთელი ღამის განმავლობაში.

შეიძლება, ჭკუიდან შეიშალო ისეთი საშინელება ხდება. ბარში რომ ჩავედი, მითხრეს, შენს ძილზე ვერ ავაწყობთ ბიზნესსო. მე ვარ მოქალაქე, რომელსაც არ ეძლევა უფლება, სახლში დაისვენოს“.

„პეკინის 3 ნომერში აუტანელი სიტუაციაა - ჩვენს წინ კაზინოა. ზაფხულში, როცა კარ-ფანჯარა ღიაა, მისი ვენტილაცია ძილის საშუალებას არ გვაძლევს. ასე მგონია, რომელიღაც საამქროში ვცხოვრობ. 50 ოჯახი ვცხოვრობთ და გარდა იმისა, რომ მორალურად ვართ შეწუხებულები, მატერიალურ ზიანსაც განვიცდით - სასურველ ფასად ვერ გავყიდი ბინას სხვაგან რომ გადავიდე. მესმის, რომ ბიზნესინტერესებიც დასაცავია, მაგრამ სანამდე? ნორმალურად გააკეთონ, გადახურონ და არ იქნება პრობლემა. ის ვენტილაცია საერთოდ არ ჩერდება“.

„თუკი კანონის მიღების წინააღმდეგ უფრო მეტი დეპუტატი გამოვა, გადავწყვიტეთ, მათთვის მურვან ყრუს ორდენი გავაკეთოთ. მურვან ყრუ ყრუ კი არ არ იყო, ადამიანის გულის ტკივილისთვის ყურები დახშული ჰქონდა“

ხმაურით შეწუხებული მოქალაქეები დღეს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ, რომელმაც ხმაურის რეგულირების შესახებ კანონპროექტი უნდა შეიმუშაოს.

შესაბამისი რეგულაციების შემუშავების საჭიროებაზე შსს-ს სტატისტიკაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც, უწყებაში 2016 წელს ხმაურთან დაკავშირებული გამოძახებების რაოდენობა, საშუალოდ,  400-დან 1000-მდე იყო. აქედან, ყველაზე მეტი გამოძახება ზაფხულის თვეებში ხდება.

ჯერ კიდევ 2016 წლის მიწურულს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ხმაური, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის ჯერ გაფრთხილებას, შემდგომ კი დაჯარიმებას.

  • გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 და იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას.
  • ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მისი შემდეგი ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 1000 ლარის ოდენობით.
  • წინადადების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის „დღის საათებად“ მიიჩნევა დროის მონაკვეთი 07;00 საათიდან - 23;00 საათამდე, ხოლო „ღამის საათებად“ - დროის მონაკვეთი 23:00 საათიდან - 07:00 საათამდე.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ კანონის მიღება აუცილებელია და ინიციატივის სულისკვეთებას იზიარებენ, რადგან თვლიან, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდ გარემოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, თუმცა ბიზნესინტერესების გათვალისწინებაც საჭიროა.

მისი თქმით, ოპტიმალური გამოსავალი გარკვეული ქუჩისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაა, რომლებიც სანქციებს არ დაექვემდებარებიან.

„საუბარია იმ ქუჩებზე, სადაც კლუბები და რესტორნებია განლაგებული. მათზე უნდა გავრცელდეს განსხვავებული რეგულაციები. პარალელურად, ამ ქუჩების მოსახლეობისთვის იმოქმედებს სამოქალაქო კანონმდებლობა, რომელიც ფულადი კომპენსაციის მიღებას ითვალისწინებს და მათ არავინ დაუშლის საკუთარი თმენის ვალდებულების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღებას“.

მისი თქმით, ასეთი ქუჩები შეიძლება იყოს, მაგალითად შარდენის, ერეკლეს, პეროვსკაიას, ტაბიძის ქუჩები.

„მთელ ქალაქში მუსიკის აკრძალვას ალბათ სჯობს, რომ რამდენიმე ქუჩაზე იყოს დაშვებული და ყველა სხვა ქუჩაზე მოქმედებდეს სანქცია. ეს ერთადერთი შუალედური გამოსავალია. ცხადია, ან ბიზნესმენი უნდა დაზარალდეს მთლიანად, ან მოსახლეობა. ჩვენ ვიცით მოსახლეობის არგუმენტები, ვფიქრობთ, ეს ერთადერთი გამოსავალია“ - ამბობს ძნელაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა, ბიზნესის ხარჯების გაზრდა და შემოსავლის შემცირებაც გამოიწვიოს.

„ეს ნამდვილად მოახდენს გავლენას ბიზნეს, ამიტომ, დასათვლელია ხარჯები, რომელთა გაღებაც ბიზნესს მოუწევს“ - თქვა ძნელაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატში ყურადღებას ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და საცხოვრებლით მშვიდად სარგებლობის უფლებებზე ამახვილებენ.

როგორც სამუშაო ჯგუფი შეხვედრაზე ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანმა ეკატერინე ფოფხაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იყოს დაცული და ეს არამხოლოდ ტურისტულ ზონებს, არამედ ნებისმიერ უბანს უნდა შეეხოს.

მან შეხვედრაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები წარმოადგინა.

„საქმეშ ესპანეთის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც საცხოვრებლის პატივისცემის უფლებას ეხება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს უფლება შეილახა, ვინაიდან ხელისუფლებას ზრ უზრუნველყო ღამის ხმაურის აღმოფხვრა.

უნგრეთის წინააღმდეგ საქმეში განმცხადებელი ჩიოდა, რომ ძალიან ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის ხმაური, დაბინძურება და სუნი აწუხებდა. სასამართლომ აქაც დარღვევა დაადგინა“ - თქვა ფოფხაძემ.

მისი განმარტებით, ომბუდსმენის აპარატს ამ თვალსაზრისით უფლებების დარღვევის შესახებ მოქალაქეებმა მიმართეს და შესაბამისი რეგულაციების შექმნა აუცილებელია, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი ადგება პერმანენტული ხმაურით, რომელიც მათ გაუსაძლის პირობებში ამყოფებს.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რაც ის საკრებულოში მუშაობს, ყველაზე მეტი მიმართვა მოსახლეობისგან სწორედ ხმაურთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.

„თბილისის მოსახლეობა გაუსაძლის სიტუაციაშია. მათ არ ეძლევათ საშუალება, საცხოვრებელში მოისვენონ. ამასთან, ჩვენ ვართ ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერნი, რომელიც არსებული საკითხის დარეგულირებას გვავალდებულებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით რომ ვიმსჯელოთ, მაგალითად, გერმანიაში, ირლანდიასა და აშშ-ში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დგება, თუკი საკითხი არ მოგვარდა. ჩვენი ინიციატივით, ჯერ პირის გაფრთხილება, შემდეგ კი სანქცირება უნდა მოხდეს. არამგონია, ამან ბიზნესინტერესებს დაარტყას“ - ამბობს კობახიძე.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2016 წელს ყველაზე მაღალი მიმართვიანობა ზაფხულის თვეებში დაფიქსირდა და უწყებაში ხმაურთან დაკავშირებით 1051 ზარი შევიდა. მისი განმარტებით, ზამთარში ეს მაჩვენებელი იკლებს და 2016 წლის შემთხვევაში, 363-მდე ჩამოვიდა.

შსს-ში საკითხის რეგულირებას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ რეაგირების მექანიზმი სამინისტროს არ უნდა დაეკისროს, რადგან ამ ეტაპზე შესაბამისი რესურსი შსს-ში არ არსებობს.

„დღეში საშუალოდ 400 გამოძახება გვაქვს რომელთაგან დიდი ნაწილი რეაგირებას რეალურად არ საჭიროებს. 80-ზე მეტ შემთხევაში რესურსი ტყუილად ცდება. ვვარაუდობთ, რომ თუკი შსს-ს კომპეტენციად განისაზღვრება ხმაურთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირებაც, გამოძახებების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და სამინისტროს გადატვირთავს. არ გვაქვს შესაბამისი ადამაიანური რესურსი და არც მომზადება. შსს არ არის მზად რეაგირების განსახორციელებლად“ - ამბობენ სამინისტროში.

ხმაურის კანონით რეგულირების საჭიროებაზე დეპუტატებიც თანხმდებიან. თუ რა ფორმით მოხდება რეგულირება - ამაზე თითოეული დაინტერესებული ჯგუფი საკუთარ ვერსიას წარმოადგენს და საკითხის განხილვა მომავალ კვირას გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^