Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: უნდა განმარტონ, რატომ დააკისრეს მამალაძის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულება

16 თებერვალი, 2017 14:35

გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად - ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი გილრგი მამალაძს საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს და მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით დაეკისრა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს. ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს.

საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 14 თებერვალს შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი მამალაძის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან საუბრისას ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საჯარო პირებს გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისაგან, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი დამატებით აღნიშნავს, რომ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია თავიდანვე დაირღვა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებითპროკურატურამ მტკიცებითი ფორმით მიუთითა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ „მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“ კუსტარულ ცეცხლსასროლ იარაღს.

საქართველოს სახალხო დამცველს ასევე სურს, გამოეხმაუროს პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომის გამოყენება, შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის. ნიშანდობლივია, რომ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მონაცემები თავად პროკურატურის მიერ ვრცელდება. შესაბამისად, გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი" - ნათქვამია ომუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^