Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

300-ლარიანი ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო მარიხუანის მოწევისთვის - სამინისტროს პროექტი

14 მარტი, 2017 16:08

იუსტიციის სამინისტრომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებების პროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელიც ბექა წიქარიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე მიიღეს. „ლიბერალმა" მოიპოვა აღნიშნული პროექტის ის ვერსია, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო. გთავაზობთ მის შინაარსს:

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გაავრცელა კანაფის სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, პროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმა 300 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები.

ასევე, მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები).

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

აღნიშნული ქმედების (მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.

მცენარე კანაფისა და მარიხუანას ოდენობები

რაც შეეხება ოდენობებს, იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებითაც მოამზადა, რის მიხედვითაც ახლებურად განისაზღვრა კანაფისა და მარიხუანას დიდი ოდენობები. გაზრდილია კანაფისა და მარიხუანას მხოლოდ დიდი ოდენობები და კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

პროქტით გათვალისწინებული ოდენობები

დღეს მოქმედი ოდენობები

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი აბსოლუტურად უგულებელყოფს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებს, „რადგან კანონპროექტი მიზნად ისახავს არა ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას და სისტემურ ცვლილებებს, არამედ საკითხის დავიწროებას ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, მაშინ როდესაც მარიხუანასთან დაკავშირებით უკვე ისედაც მნიშვნელოვნად არის შერბილებული სასამართლო პრაქტიკა".

მათი თქმით, დღეს გაცილებით ფართო ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრანსფორმაციაზე, ზრუნვაზე დამყარებული დაბალანსებული მიდგომით.

„იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უყურადღებოდ ტოვებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც პირდაპირი მსხვერპლია 2006 წელს “ნულოვანი ტოლერანტობის” სახელით დაწყებული და დღესაც მიმდინარე პოლიტიკისა, რომლებიც ფაქტობრივად არაფრის გამო იხდიან წლობით სასჯელებს საპატიმრო დაწესებულებებში. შემოთავაზებული ცვლილებები არ აუმჯობესებს ათობით ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანის მდგომარეობას – მათ კვლავაც მოუწევთ პოლიციური დევნის, არაღირსეული მოპყრობის და საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ ცხოვრება. კანონპროექტი გულგრილია იძულებითი ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკის მიმართ, აგრეთვე იმ რიგი სამართლებრივი პრობლემებისა, რომლებიც ყოველდღიურად გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს არაერთ მოქალაქეს", - აცხადებს „თეთრი ხმაური".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

საპატრიარქო: გაუქმდა ილია II-ის აღსაყდრე ...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრ ...
24 მაისი
24 მაისი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პრეზიდენტს, ...

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამც ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საე ...

24 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირა დღეს, 1983 წლიდან აღი ...
^