Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაკელიანის ადვოკატები საქმის დეტალებსა და მტკიცებულებების სავარაუდო დამალვაზე

31 მარტი, 2017 19:49

„ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება, წარმოუდგენელია, რომ მიყენებული იყოს დაცემისგან. ის არის წამების მსხვერპლი. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოდ“, - ამის შესახებ შოთა პაკელიანის ადვოკატი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე აცხადებს.

როგორც მახარაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უარყოფს, რომ მას გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება და მოიხმარა ის, თუმცა [დაკავებისას] მას ფიზიკურად ნარკოტიკული ნივთიერება თან ჰქონია. გამოძიების დაწყების პატაკის მიხედვით კი, პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პაკელიანს თან ჰქონდა ნარკოტიკი. ვინაიდან [დაკავებისას] არ გამართლდა მათი მოლოდინი, გადაწყვიტეს, რომ ჩაედოთ ნარკოტიკული საშუალება და ცემის ფონზე მიეღოთ მისგან აღიარება.

ადვოკატი აცხადებს, რომ შოთა პაკელიანს შეეზღუდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება.

„[დაკავების შემდგომ] ის აცხადებდა, რომ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული საშუალება და ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, თუმცა 3-ჯერ მისული სასწრაფოს ბრიგადიდან ორმა მხოლოდ დაზიანებები შეუხვია, დაუმუშავა. ხოლო უკვე მესამედ, როცა პაკელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. პრაქტიკულად პოლიციის უმოქმედობით, სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვით, ის ასევე არის წამების მსხვერპლი. ის გადარჩა და გაუმართლა მას, მის ოჯახის წევრებსაც და პოლიციასაც, გაუმართლათ, რომ არ განმეორდა ლევან აბზიანიძის საქმე“, - ამბობს მახარაძე.

შოთა პაკელიანის კიდევ ერთი ადვოკატის ზურა თოდუას თქმით, პოლიციელები ჩვენებაში ასევე ამბობენ იმასაც, რომ როდესაც პაკელიანი გარბოდა, მათ დაინახეს, როგორ ჩაიყო მან ხელი მარჯვენა ჯიბეში, როგორ ამოიღო რაღაცა და გადაყლაპა. 

„პოლიციის დანახვაზე, ვინაიდან მას ცუდი გამოცდილება ჰქონდა, პაკელიანი გაიქცა, გაირბინა დაახლოებით 150-200 მეტრი, ფეხი წამოკრა რაღაცა საგანს, წაიქცა და წაქცევისას დააკავეს. პოლიციელების ჩვენებით, მათ დაინახეს, რომ მას შარვალი არ ჰქონდა დახეული, არც სახეზე ჰქონდა დაზიანება და როდესაც გარბოდა, მარჯვენა ჯიბეში, ჩაიყო ხელი, ამოიღო რაღაცა ნივთიერება და გადაყლაპა. მაგრამ მათი თქმით, ვერ გადაყლაპა ყველა და ერთი დაიტოვა ჯიბეში. ეს ზღაპარი მოყვა პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენებებში. პროკურორს შევეკითხე, თუ თქვენმა პოლიციელებმა დაინახეს, რომ ადამიანმა გადაყლაპა, რატომ დაგჭირდათ 4 საათი იმისთვის, რომ გამოგეძახებინათ სასწრაფო დახმარება, ელოდებით რომ კომაში ჩავარდნილიყო ადამიანი და იმის შემდეგ გაგეწიათ სამედიცინო დახმარება?!. არცერთ პოლიციელს, მსგავსი რამ არ გაუკეთებია. პირიქით, ადამიანი, განყოფილებაში მოთავსებული, ხმამაღლა გაიძახოდა, მიშველეთ, გადავყლაპე რაღაცა, კუჭის ამორეცხვა მჭირდება, სოდიან წყალს ითხოვდა, სასაცილოდ არ ეყოთ ეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო სიმულაცია“, - ამბობს ადვოკატი.

ზურა თოდუა ყურადღებას სამართლებრივი პროცედურების დარღვევით წარმართვაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ჩხრეკა-დაკავების ოქმი თავის დროზე არ არის შედგენილი და მას, როგორც ბრალდებულის ადვოკატს ის პაკელიანის დაკავებიდან მე-16 საათს გადასცეს, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

მისი თქმით, გუშინ გამართულ სასამართლოზე, მოსამართლეს ჩხრეკა-დაკავების ოქმის დარღვევით შედგენასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარუდგინა, თუმცა მისი თქმით, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა.

„თუ პოლიციელებს დავუჯერებთ, პაკელიანს დაკავების ადგილზე ჩაატარეს ჩხრეკა და იქვე შეადგინეს ჩხრეკა-დაკავების ოქმი. მათი თქმით, პაკელიანმა უარი განაცხადა ჩხრეკა დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე და ასლი გადასცეს. მე ჩავერთე საქმეში მე-14 საათს. 24 მარტს. პირველი მოქმედება რაც გავაკეთე, გამომძიებელს ვთხოვე, გადმოეცათ ჩემთვის ჩხრეკა-დაკავების ოქმი. გამომძიებელმა მითხრა, რომ ერთი საათის შემდეგ მივსულიყავი განყოფილებაში... შემდეგ მითხრეს, რომ არა 1 საათში, არამედ 2 საათში მობრძანდით, რათა გადმოგცეთ ჩხრეკა-დაკავების ოქმიო. თუ ჩხრეკა-დაკავების ოქმი, რომელიც საქმეშია და ნამდვილად იქნა შედგენილი, რატომ არ იყო ის მე-14 საათს ჩემი გამოცხადებისას საქმეში? რატომ გადმომეცა ის მე-16 საათს? ამ გარემოებებზე ვთხოვე სასამართლოს გაემახვილებინა ყურადღება. პროკურორს ვკითხე, თუ ჩხრეკა -დაკავების ოქმი გქონდათ თქვენ, რატომ არ გამომეცით მისვლისთავანე, მან განაცხადა, რომ თურმე იმიტომ ვერ გადმომცეს დოკუმენტი, რომ დაკავშირებული ყოფილა ტექნიკურ პრობლემებთან. რომ ქსეროქსის აპარატი და კომპიუტერი არ იყო გამართული, რომ დენი მიდიოდა და მოდიოდა. დააბრალა ტექნიკურ პრობლემებს“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პროკურორის პასუხი არის მოგონილი და მეტყველებს იამზე, რომ ეს დოკუმენტი თავის დროზე საქმეში არ ჰქონდათ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ისანი-სამგორის რაიონის პროკურორი პოლიციელებს მფარველობს.

„მათ ასევე თქვეს, რომ დიდი დოკუმენტი იყო და დრო სჭირდებოდათ, არადა ჩხრეკა-დაკავების ოქმი არის სულ 8 გვერდი. ისანი-სამგორის რაიონის პროკურორი მფარველობს ყალბი დოკუმენტის შემქმნელ პოლიციელებს და ხელს უწყობს მტკიცებულებების ფალსიფიკაციას. ამაზე დროს ხელს აფარებს დამნაშავეებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული პაკელიანის მიმართ“, - ამბობს ადვოკატი.

თოდუა ამბობს, რომ ის ასევე ცდილობს მოიპოვოს კამერების ჩანაწერი, თუმცა ამის საშუალებესაც არ აძლებენ. მისი თქმით, კამერების ჩანაწერის ამოღებაზე მას შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას, თუმცა განუცხადეს, რომ:

„თურმე ამ ვიდეო კამერებთან წვდომა პოლიციის განყოფილებას არ აქვს და რაღაც სხვა დეპარტამენტის განკარგულებაში არისო. გარდა ამისა, მითხრეს, რომ არ გეკუთვნით ამ მტკიცებულებების ამოღება, რადგან თურმე პაკელიანის მიმართ თურმე ბრალი წარდგენილი ყოფილა 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც არ არის მძიმე დანაშაული და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანშაულზე ხდება ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღებაო. ისევ, ან საპროცესო კანონმდებლობის უცოდინარობასთან გვაქვს საქმე ან დანაშაულის დაფარვასთან“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პოლიციელებმა ასევე უკანონოდ წააშლევინეს პოლიციის განყოფილებაში მყოფ პაკელიანის ახლობლებს ვიდეოჩანაწერები, სადაც მისი თქმით, გარედან, ფანჯრიდან გადაღებული კადრები ჰქონდათ.

ადვოაკტი ამბობს იმასაც, რომ მან შუამდგომლობა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებითაც დააყენა, თუმცა პასუხი არც ამ შუამდგომლობაზე მიუღია.

„გავიდა უკვე ვადა, დღესაც არაა დაკმაყოფილებული. რაც დრო გადის, უფრო რთულია ამის დადგენა. ერთადერთი გვაქვს ფოტომასალაა და მწირი სამედიცინო ჩანაწერები. მე მინდა გავამახვილო ყუარდღება ექიმების მოქმედებაზე ამ კონკრეტულ საქმეში. ისინი არ იქცეოდნენ ჰიპოკრატეს ფიცის თანახმად და მოქმედებდნენ პოლიციის თანამშრომლების ნებაზე. არ შეიძლება რომ ექიმს პაციენტმა განუცხადოს რაიმე ჩივილებზე და ის არ ასახოს შესაბამის ფორმაში. პირველ ჯერზე გამოძახებულმა სასწრაფომ მხოლოდ მუხლი გადაუხვია პაკელიანს და სხვა დაზიანებებზე ყურადღება არ გაამახვილა. სამედიცინო დახმარების ცენტრიდან ასევე გამოთხოვილი მაქვს ინფორმაცია, რატომ დასჭირდა მეორე და მესამე გამოძახება პაკელიანს, ვინ გამოიძახა და ა.შ. არც ამ ინფორმაციას მაძლევენ“, - ამბობს ადვოკატი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^