Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, გვერდითი მოვლენების დაფინანსება - ონკოპაციენტების საჭიროებები

20 აპრილი, 2017 17:41

საქართველოში დღეისათვის 46 800 ადამიანი სიმსივნითაა დაავადებული - ამის შესახებ ინფორმაციას, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“ ავრცელებს.

ასოციაციის მონაცემებით, 2015 წლის მაჩვენებლების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ეს რიცხვი დაახლოებით 1.8-ჯერ არის გაზრდილი. 2002 წლის შემდეგ კი სიმსივნით დაავადების მაჩვენებელი 6.6-ჯერ გაიზარდა.

2015 წლის მონაცემებით, სიმსივნით დაავადებულია 600 მოზარდი (0-დან 14 წლამდე). ეს მაჩვენებელი უცვლელია წინა წელთან შედარებით. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდებში სიმსივნის დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. მონაცემები 2011 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში კიბოთი ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 000 000 ავადდება და ამავე მიზეზით დაახლოებით 6 000 000 ადამიანი იღუპება.

WHO-ს მონაცემებით, ადამიანი კიბოთი ძირითადად მისი პროფესიული და შემოქმედებითი განვითარების ოპტიმალურ ასაკში (45-65 წელი) ავადდება.

„ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებული საკითხები არ მოიცავს მხოლოდ სამედიცინო პრობლემებს, რაც გულისხმობს დიაგნოზის დასმას, მკურნალობას, წამლებთან ხელმისაწვდომობას. პრობლემები უკავშირდება სამართლებრივ საკითხებს, შშმ სტატუსის განსაზღვრას, პენსიის მიღებას. 

ჩვენ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგად, გამოიკვეთა  პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით, რაც უკავშირდება დაავადების პრევენციას და აღმოჩენას, დიაგნოზს, მკურნალობასა და პოსტოპერაციულ მოვლას, პალიატიურ მკურნალობას. ამ მხრივ, ყველაზე ნაკლები პრობლემაა მკურნალობის ფაზაში, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტი იღებს დაფინანსებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ცალკე გამოყოს კიბოს ეროვნული პროგრამა და აამოქმედოს. ეს მოგებიანია იმიტომ, რომ: საყოველთაო დაზღვევის ხარჯს გამოაკლდება აღნიშნული ხარჯი, როდესაც იქნება ცალკე პროგრამა, შესაძლებელი იქნება, დაფინასდეს არა მარტო ფრაგმენტული მკურნალობა, არამედ პრევენცია და სადიაგნოზო მინიმუმი, რაც გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის ფინანსურად“, - აცხადებს საქართველოს პაციენტთა კავშირის ექსპერტი, ეკა სანიკიძე.

გარდა წინასწარი მოკვლევისა, ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“ ატარებს კვლევას „ონკოლოგიურ პაციენტთა უფლება ჯანმრთელობაზე“. 

„კვლევის ინტერესს წარმოადგენს: პაციენტთა უფლებები ონკოლოგიურ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებები სამედიცინო დაწესებულებებში; უცხოეთის ქვეყნებისა და საქართველოს პრაქტიკა; წამალზე ხელმისაწვდომობის საკითხები; ონკოპაციენტთა უფლებები დახურულ დაწესებულებებში - პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულებში;  არასრულწლოვან ონკოპაციენტთა უფლებები; პალიატიური მზრუნველობა; ონკოდაავადებულთა უფლებები ევთანაზიაზე (ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა); პაციენტთა უფლებები და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“, - აღნიშნავს ასოციაციის „უფლება ჯანმრთელობაზე“ პრეზიდენტი, ირმა მანჯავიძე.

პაციენტი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, გვერდითი მოვლენების დროს მკურნალობის დაფინანსებასა და ფსიქოლოგის კონსულტაციების საჭიროებას უსვამს ხაზს.

„ბევრი ადამიანი ვერ მიდის გამოკვლევაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ რომ არ აქვს ფინანსური საშუალება. სიმსივნის დადგენიდან მკურნალობა ისე სწრაფად დავიწყე, რომ ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა ჩემს თავს. წინასწარი კვლევა არ ფინანსდება, თუმცა მკურნალობის დროს დამიფინანსეს ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. ქიმიოთერაპიის შემდეგ მორალურად ხარ იმდენად ცუდად, რომ გჭირდება ფსიქოლოგის კონსულტაცია. 

ქიმიოთერაპიის წამლები დამიფინანსეს, თუმცა აფთიაქებში აღნიშნული წამლები არ იშოვებოდა, ან სულ სხვა ქალაქში ჰქონდათ, რაც სიმსივნით დაავადებული ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი სტრესია. უნდა იყოს ერთი მთლიანი ბაზა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, სად რომელი მედიკამენტი აქვთ. ქიმიოთერაპიის დროს, გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი, მაგალითად, ღებინება, სისუსტე, სოკოვანი დაავადებები და ასე შემდეგ, რისი მკურნალობაც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება და პაციენტს თავად უწევს შეძენა, ეს ქმნის პრობლემებს. ყველა ადამიანს არ აქვს საშუალება, სრულყოფილად იმკურნალოს“, - აღნიშნა ყოფილმა ონკოპაციენტმა, ლ-მ. 

საქართველოს პაციენტთა კავშირის ექსპერტ, ეკა სანიკიძის თქმით, ონკოლოგიურ პაციენტთათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ონკოლოგიური პაციენტები იმდენად არიან შრომისუუნაროები, რომ სრული დატვირთვით არ შეუძლიათ მუშაობა, ამიტომ დამსაქმებელმა იმის მაგიერ, რომ შეაჩეროს შრომითი ურთიერთობები, მათ დასაქმებული უნდა გადაიყვანონ ნახევარ განაკვეთზე, ან სახლში სამუშაო უნდა მისცენ, ან სხვა პოზიციაზე დაასაქმონ. თუ ამ ყველა ღონისძიების გატარების შემდეგ პაციენტი/დასაქმებული ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, კომპანიას უნდა შეეძლოს, ამის შემდეგ მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კი, სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს პაციენტს შშმ პირის სტატუსი და დაუნიშნოს პენსია, რადგან ის შრომისუუნაროა. თუ პირს პენსია არ დაენიშნა, მაშინ მას უნდა დაუფინანსდეს გვერდითი მოვლენების მართვის კურსი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პროგრამამ ყველაფერი დააფინანსოს, თუმცა უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და შემუშავდეს მკაცრი კრიტერიუმები“, - აღნიშნა ეკა სანიკიძემ. 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის  №36 დადგენილების თანახმად, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – ფინანსდება 12 000 ლარით (წლიური ლიმიტი). პროგრამა ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც თანხა სრულად ანაზღაურდება.

ევროპის ონკოდაავადებულ პაციენტთა უფლებების ბილის თანახმად, 2035 წლისთვის მიღწეულ უნდა იქნას 70 %-იანი გრძელვადიანი გადარჩენა კიბოთი დაავადებული პაციენტებისათვის, ხელი შეეწყოს კიბოს პრევენციას, კიბოს კონტროლს და მასთან დაკავშირებულ პროგრესს პაციენტისათვის კარგი გამოცდილების უზრუნველსაყოფად.

სტატია მომზადებულია humanrights.ge-ს მიერ;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^