Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბიუჯეტო ბატალიები: ამერიკის მთავრობა დახურვის საფრთხის წინაშეა

26 აპრილი, 2017 18:37

დაიხურება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში? ეს კითხვა ვაშინგტონში თანდათან უფრო აქტუალური ხდება.

კანონმდებლებს საბიუჯეტო საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პრაქტიკულად, 2 დღე რჩებათ. თუკი კონგრესი მთავრობის დაფინანსების თაობაზე პარასკევს, 28 აპრილს, ღამის 12 საათამდე ვერ შეთანხმდა, ამერიკის მთავრობას დაფინანსება შეუწყდება და მართლაც დახურვა ელის.

თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს არ კარგავს. „მისი მიღებისთვის კარგი შანსი გვაქვს", - აცხადებს ის.

გადაწყვეტილების ბოლო მომენტში მიღება ფედერალური საკანომდებლო ორგანოსთვის უცხო ხილი არ არის. მთავრობას დაფინანსება ბოლოს 2013 წელს შეუწყვიტეს. კონგრესმა შეთანხმება ბოლო დღემდე ვერ შეძლო და მთავრობა 16 დღით დაიხურა. ეროვნული პარკებიც კი აღარ მუშაობდა.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, წელს მთავრობამ საქმიანობა შესაძლოა, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ოფისში შესვლიდან პირველ 100 დღეში შეწყვიტოს. ბიუჯეტის მიღების ვადის გასვლის შემდეგ, დილას, 29 აპრილს, 100 დღე სრულდება, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. მუშაობის შეფასების 100-დღიანი კრიტერიუმის ტრადიციას საფუძველი 1933 წელს, ე.წ. დიდი დეპრესიის ურთულეს პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა.

დონალდ ტრამპისთვის 100-დღიანი გეგმის შესრულება და საბიუჯეტო ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე ხმაურიანი დაპირების - მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსება იქნება. საუბარია 3 200 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო კედელზე.

„ჩვენ კედელს ვაშენებთ. სხვათა შორის, ეს [მშენებლობა] მალე დაიწყება, გაცილებით ადრე, ვიდრე იგეგმებოდა” - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი კედელზე, რომლის აგება მილიარდები დაჯდება. თუმცა მისი აშენების აუცილებლობის დასაბუთება არა მარტო დემოკრატი ოპონენტებისთვის, არამედ რესპუბლიკელ კანონმდებლებშიც სათუოა.

არც იმაშია ბოლომდე ვინმე დარწმუნებული, რომ კედლის აგება კონგრესის საბიუჯეტო განხილვებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ მისი დათმობა პრეზიდენტ ტრამპისთვის პირველი კომპრომისული ნაბიჯი იყოს.

თეთრი სახლი კონგრესში მოლაპარაკების დაწყებამდე საკმაოდ ფრთხილობდა. „არ ვაპირებ იმ თემებზე საუბრის დაწყებას, თუ სავარაუდოდ, რას იზამს პრეზიდენტი“ - განაცხადა ორშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებისთვის ჯანდაცვის რეფორმის გაუქმების მცდელობის ჩავარდნა, ჯერ კიდევ ღია, მოუშუშებელი ჭრილობაა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესზეც აისახება.

„პრეზიდენტ ტრამპისა და მისი თეთრი სახლის შესახებ, კონგრესის წევრებისთვისაც კი, ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონის „პროდუქტი“ არ არის. ის არაა ადამიანი, რომელსაც კანონპროექტზე მუშაობის, შეთანხმების მიღწევის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ეს ყოველივე საბიუჯეტო ბატალიებზეც აირეკლება“ - ამბობს მოლი რეინოლდსი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ვაშინგტონი საბიუჯეტო ბრძოლის ველად იქცევა. შემდეგი ეტაპი კონგრესში ჯანდაცვის რეფორმის განხილვის დაბრუნება იქნება, რომელზეც რესპუბლიკელებს ხელი ჯერ ბოლომდე არ ჩაუქნევიათ.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^