Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“: შსს-ს გამოძიებები მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მცდელობაა

28 აპრილი, 2017 12:43

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ გამოცდების გადასატანად ყალბი ცნობების  შესაძლო დამზადებაზე გამოძიების დაწყება მოძრაობის წევრების მიმართ ზეწოლისა და დაშინების მიზანმიმართული მცდელობაა.

როგორც მოძრაობის წევრმა გიორგი არობელიძემ „ლიბერალს“ უთხრა, შსს-ს მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ასევე ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, ამ გზით, ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ ადამიანს „აუდიტორია 115-ის“ დისკრედიტაცია სურს, ვინაიდან, ერთი მხრივ, არ მიეცეს ჯგუფს საქმიანობის საშუალება, მეორე მხრივ კი, შური იძიონ იმ საქმიანობის გამო, რაც დღემდე მოძრაობამ გააკეთა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც უკავშირდება „აუდიტორია 115-ს“ არის „ბიბლუსის“ საკითხი, როცა მისმა თანამშრომლებმა „აუდიტორია 115-ის“ დახმარებით ამხილეს ხელმძღვანელობა ექსპლუატაციასა და შრომით ჩაგვრაში. ისიც ვიცით, რომ ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთანაა დაკავშირებული ის, ჰოლდინგი, რომლის წევრიცაა თავის მხრივ „ბიბლუსი“. ვგულისხმობ საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. გარდა ამისა, ახლოვდება 1 მაისის აქცია და ჩნდება სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის გაერთიანების შესაძლებლობა - მუშების, გარემოვაჭრეების, სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების, სტუდენტებისა და ა.შ. ამიტომ ცდილობენ, „აუდიტორია 115-ს“ ხელი შეუშალონ საქმიანობაში და სახელი გაუტეხონ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ მიზნით დაიწყო გამოძიებები“,- ამბობს გიორგი არობელიძე.

„აუდიტორია 115-ის“ წევრმა თეიმურაზ ბეჟანიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ იგი 20 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე და განუმარტეს, რომ საქმე „ცნობებს შეეხებოდა“. მან ნებაყოფლობით დაკითხვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, დამატებით საქმის შინაარსზე მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამ დრომდე „აუდიტორია 115-ის“ სხვა წევრებს შსს-დან არავინ დაკავშირებია. გიორგი არობელიძის თქმით, მათი ინფორმაციით, ამ დრომდე შსს-დან არც თსუ-ის ადმინისტრაციას დაკავშირებიან.

როგორც გუშინ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), თუმცა შსს-ში „ლიბერალს“ არ უთხრეს, კონკრეტულად რა საქმეზე, რის საფუძველზე და ვის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.

სტატია, სადაც საუბარია „აუდიტორია 115-ის“ მიერ გამოცდების გადატანის მიზნით ყალბი ცნობების დამზადებაზე, „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა.

თეიმურაზ ბეჟანიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 14 მარტს მიმართა განცხადებით, რომელშიც წერდა, რომ აღნიშნულ სტატიაში  ჟურნალისტმა დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად, დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია) პრინციპი.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება ქარტიამ 21 აპრილს მიიღო. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა, რუსუდან შელიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

კიდევ ერთი სადავო სტატია, რომლის გამოც „აუდიტორია 115-მა“ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას მიმართა, გაზეთ “კვირის პალიტრამ” 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნდა სათაურით,-  „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115” “ბიბლუსის” წინააღმდეგ“.  „აუდიტორია 115” მიჩნევდა, რომ სტატიაში დარღვეული იყო ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის  გაყალბება) პრინციპები.

აღნიშნულ საქმეზე ქარტიამ გადაწყვეტილება 17 აპრილს მიიღო და მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა, გიორგი კვიტაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

შსს საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის საქმესაც იძიებს, რის გამოც „აუდიტორია 115-ის“ წევრები მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. მოძრაობის სამი წევრი ირაკლი კუპრაძე, ლევან ლორთქიფანიძე და გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის დაპარტამენტში გამოცხადდა, თუმცა ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი თქვეს და სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „აუდიტორია 115-ის“ წევრების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^