მოხის ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მას „სადავო ნაგებობა“ ეწოდა - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს კომისიამ გამოაცხადა. კომისია, რომელიც 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, უქმდება.
კომისიის თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა და დაცვისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა.
თუმცა, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ნაგებობის წარმომავლობის შესწავლას ძეგლთა დაცვის სააგენტო გააგრძელებს.
„შენობის წარმომავლობას კომისია ვერ შეისწავლიდა. კომისიამ გააკეთა იდეალური გამოსავალი - პრობლემა მოაგვარა. კომისიის წარმომავლობის შესწავლა არის სპეციალისტების საქმე - ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და ა.შ. სააგენტოს დავალებით გააგრძელებენ იმ კვლევას, რომელზეც თავიდან იყო საუბარი. კომისია გაუქმდა, რადგან მივედით მთავარ შედეგამდე, რომელიც გვინდოდა" - თქვა ანთიძემ.
ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მუსლიმთა სამმართველოს მეჩეთის ასაგებად მიწის ნაკვეთი უკვე გადაეცა და მას ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.
„კომისიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, თავისი საკადასტრო ნახაზით და მასზე მეჩეთის მშენებლობის მიზნით. მიწის ნაკვეთის ფართობი დაახლოებით 1400 კვ.მ-ს შეადგენს" - თქვა ვაშაყმაძემ.
ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან ის კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს და რელიგიის თავისუფლება არც ერთი მხარის ხარჯზე არ დარღვეულა.
„არ გამხდარა ეს ურთიერთდაპირისპირების ნიადაგი. სახელმწიფომ შეასრულოს ვალდებულება, რომელიც ადამიანის უფლებების კონტექსტში აკისრია. ვულოცავ საქართველოს, რომ მსგავსი პრეცენდენტი შეიქმნა" - თქვა ვაშაყმაძემ.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა იგი, რომ კომისიამ შეასრულა ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მას ნაგებობის წარმომავლობა უნდა დაედგინა, ვაშაყმაძე პასუხობს, რომ „ყველაფერი არის ხუთიანზე".
1 დეკემბერს კომისიის ანალოგიურ გადაწყვეტილებას როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი თემის საკუთარი უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმები ნაგებობის მეჩეთის სტატუსით აღდგენას მოითხოვენ. კომისიის გადწყვეტილების შემდეგ მათ ნაგებობასთან ღია ცის ქვეშ განაგრძეს ლოცვა. ადგილობრივი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ იგი ეკლესიის ქვებით არის ნაგები და მის მეჩეთად აღდგენას ეწინააღმდეგებიან.
მიუხედავად მუსლიმი თემის უკმაყოფილებისა, მუფტი ბეგლარ ქამაშიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის „გონიერი, ნიჭიერი“.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გონიერი მრევლისთვის, საზოგადოებრისთვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ იყოს კარგი ურთერთბა, აღდგეს ურთიერთმეგობრობა და არ ჰქონდეს ადგილი უთანხმოებას და შუღლს" - თქვა ქამაშიძემ.