Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: ხარვეზები ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის პროცესში

13 ივნისი, 2017 13:05

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ 2017 წელს გახმაურებული სამი სისხლის სამართლის საქმის (შოთა პაკელიანი, დავით ხარშილაძე, მიხეილ თათარიშვილი)  სამართლებრივი ანალიზის შედეგებს აქვეყნებს.  სამივე საქმე შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.  

EMC-ის ანალიზის მიხედვით, აღნიშნულ საქმეთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

  • სამივე საქმის გამოძიება დაწყებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება; (EMC-ის განცხადებით, სასამართლოს არ აქვს წვდომა ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციასა და ოპერატიული ინფორმაციის წყაროზე, რაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედების თვითნებურად ჩატარების რისკებს ზრდის;
  • სამივე საქმეში ბრალდებულების ჩხრეკა ჩატარებულია ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან არაგონივრულად მცირე დროში (მაგალითად, შ. პაკელიანის ჩხრეკა ჩატარდა ინფორმაციის მიღებიდან 4 წუთში);
  • სამივე საქმეში ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე. მოგვიანებით კი, ჩხრეკის დაკანონებისას სასამართლოს არ უმსჯელია ჩხრეკისთვის საჭირო მტკიცებულებათა სტანდარტის არსებობაზე;
  • პაკელიანის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რაც მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს;
  • არც ერთ შესწავლილ საქმეში გამოძიებას დადგენილი არ აქვს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დრო და ვითარება;
  • პაკელიანის საქმეში ჩატარებული არ არის მთავარი მტკიცებულების, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც ამ ნივთიერებასთან პაკელიანის შემხებლობას დაადასტურებდა;
  • პაკელიანის ჩხრეკის ოქმის მონაცემები, მათ შორის, ჩხრეკის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობრივია;
  • წინააღმდეგობრივია ასევე მ. თათარაშვილის დაკავების ადგილის შესახებ საქმეში არსებული მონაცემები;
  • დ.ხარშილაძის საქმეში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას საპროცესო ვადები დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან;
  • პაკელიანისა და ხარშილაძის საქმეში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება.

EMC-ის მხრიდან საქმეთა შესწავლის მიზანი არ ყოფილა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენა. კვლევის მიზანს ხსენებულ საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში, მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა წარმოადგენდა.

რეკომენდაციები:

სამართალდამცავ ორგანოებს:

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის ბრალდების დროს საგამოძიებო ორგანომ განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დადგენის მიზნით;
  • უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის უფლებებისდაცვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, მათ შორის ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების დროული ხელმისაწვდომობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფისთვის გაიზარდოს გამომძიებლებისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა და დადგინდეს სავალდებულო უმაღლესი იურიდიული განათლების კრიტერიუმიუმი;
  • პოლიციის აკადემიამ უზრუნველყოს მოქალაქეებთან კომუნიკაციის, ადამიანის უფლებების საკითხების, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხებში მრავალჯერადი გადამზადება და ხარისხის შეფასება;
  • პოლიციის ყველა დანაყოფი, რომელსაც უშუალო შემხებლობა აქვს მოქალაქეებთან, აღიჭურვოს სამხრე ვიდეო კამერებით. ასევე ვიდეო მეთვალყურეობა დაწესდეს პოლიციის ყველა განყოფილებაში, მათ შორის, იმ სივრცეებში სადაც პირების გამოკითხვა ან დაკავებულის მოთავსება ხორციელდება;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უზრუნველყოს პროაქტიული შიდა მონიტორინგის განხორციელება ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლენის მიზნით.
  • პროკურატურამ გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საგამოძიებო პროცესზე, მათ შორის, არასათანო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე.

საქართველოს პარლამენტს:

  • განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება/დამატებები“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას და ოპერატიული ინფორმაციის წყაროს; ასევე, მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, საკითხის განხილვისას დაკითხოს საგამოძიებო მოქმედებების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი და ამ ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილე სხვა პირები, საგამოძიებო მოქმედების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას არსებული გარემოებების თაობაზე;
  • განხორციელდეს ცვლილებები საპროცესო კანონმდებლობაში, რათა საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკის) ადრესატს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე;
  • განხორციელდეს ცვლილებები საქართველის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას მის მიერ ჩხრეკის ჩატარების დროს, მათ შორის, განხილული იქნეს დამსწრეთა ან ამ მექანიზმის ალტერნატივის შემოღების საკითხი, ასევე, საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხი;
  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტების დროულად და ეფექტურად გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^