Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დისკრიმინაციის ადგილი უნივერსიტეტში არ არის!“ - აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

27 ივნისი, 2017 21:09

 „ამოიღეთ დისკრიმინაციული ჩანაწერი მოთხოვნებიდან!“,  „დისკრიმინაციის ადგილი უნივერსიტეტში არ არის!“, „არა ესთეტიკურ ფაშიზმს!“, „შეწყვიტე დისკრიმინაცია, ასწავლე!“ - ამ ლოზუნგებით დღეს თბლისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.  

 

 მოქალაქეები უნივერსიტეტში მისაღები კონკურსის იმ წესს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც დრამის ფაკულტეტზე პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება, აქვს თუ არა აბიტურიენტს „გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი“. 

„მოვითხოვთ, საგანმანათლებლო სისტემამ დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეწყვიტოს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობის შეზღუდვა სხვადასხვა მექანიზმით. მოვუწოდებთ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, საკონკურსო შიდა განაწესიდან ამოიღოს  დისკრიმინაციული ჩანაწერი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

19 ივნისს, პროექტის „ქალები საქართველოდან“ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა 26 წლის ნუცა გოგალაძის ისტორია. როგორც გოგალაძე ჰყვება, მას ბავშვობაში, თამაშის დროს თვალში „შპრიცი“ შეერჭო, შედეგად კი ცალი თვალისროთეზირება გახდა საჭირო. ნუცას თქმით, მან რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. 

„მახსოვს, ჩემთან ძალიან ახლოს მოჰქონდათ სახე, თვალებში დაჟინებით მაკვირდებოდნენ და შემდეგი კითხვებით მომმართავდნენ გამოცდაზე - „რა გჭირს?“, „ელამი ხომ არ ხარ?“ და ა.შ  

...გარკვეული პერიოდის მერე ვიგებ, რომ ბავშვებისა და მათი მშობლებისგან შვიდი ოფიციალური საჩივარი იყო შესული. მთავარი პრეტენზია რეჟისორთან ჰქონდათ, რადგან მე მქონდა „გამოუსწორებელი" ნაკლი (მათი აზრით), მათგან განსხვავებით და უსამართლობა იქნებოდა, მე გავმხდარიყავი სტუდენტი, ისინი კი - ვერა", - ამბობს ნუცა გოგალაძე 

 მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროსა და ყველა შესაბამის უწყებას მიმართა განცხადებით, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

„არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც თეატრალურში სამსახიობოზე დაუბლოკავთ აბიტურიენტი მისი წონის, სიმაღლის, ცხვირის, ყურების გამო. მე თავად ჩაბარებამდე კომისიის ერთმა წევრმა მითხრა: „შენ არ იცი, გენაცვალე, იქ რა გოგოები აბარებენო'' ანუ ჩემს გარეგნობას იწუნებდა. ასეთი ფაქტების შემდეგ რომ წარმოვიდგენ, როგორ შედის ჟიურისთან გოგონა, რომელსაც პროთეზირებული თვალი აქვს, ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ კომისია მას პატარა შანსსაც კი აღარ მისცემდა საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ჩემი აზრით, ხელოვნება - კინო, თეატრი ძალიან ახლოს უნდა იყოს ადამიანებთან. ჩვენს საკუთარ თავებსა და ერთმანეთს უნდა ვხედავდეთ სცენასა და ეკრანზე და ეს სახეები უნდა იყოს ისეთივე მრავალფეროვანი და ინდივიდუალური, როგორიც თავად ადამიანია.  ის შეხედულება, რომ თითქოს მსახიობი უნდა იყოს მხოლოდ მაღალი, გამხდარი, სწორი ნაკვთებით და 90×60×90-ზე ფორმებით, რომელი მოთხოვნებიც მანეკენებზე აღარ აქვთ, არის ძველი, ჩარჩენილი და ყველანაირ თანადროულ სწორ ფასეულობებს მოკლებული აზრი.  თუკი ისევ ნუცას ამბავს დავუბრუნდებით, მას სამსახიობოზე სასწავლო პროგრამის დაძლევაში ხელს არ უშლიდა შუშის თვალი. აქ ისევ „გარეგნული დეფექტი'' გვრჩება მიზეზად და თუ მაინცდამაინც „პრობლემაზე'' უნდათ საუბარი, ისაუბრონ უნივერსიტეტის პრობლემაზე, რომ ის არაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი, მსახიობი არიამ დოლიძე.

 საქართველოს სახალხო დამცველის 20 ივნისს გაკეთებული განცხადებით,ეატრალურ უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულია და დამამცირებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის  

„განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანსა და პიროვნულ განვითარებასთან. 

 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას“, - აცხადებს ომბუდსმენი.

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი მარგველაშვილმა, სახალხო დამცველის განცხადებას გადაცემა „იმედის დილაში“ უპასუხა და განმარტა დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნა „გამოუსწორებელი ორგანული დეფექტის“ შესახებ: 

 „სამსახიობო სპეციალობას და ამ პროფესიას აქვს თავისი თავისებურებები, თავისი სპეციფიკური მოთხოვნები, მაგალითად: თქვენ ამდენი წლის გამოცდილება გაქვთ ჟურნალისტიკაში მუშაობის (მიმართავს „იმედის დილის“ წამყვანს) ადამიანი, რომელსაც აქვს ანატომიური სირთულეები ყბა-სახის, რაც არ აძლევს მას საშუალებას, მკაფიოდ გამოთქვას ბგერები, შეიძლება, ეს ადამიანი იყოს ტელეწამყვანი? ალბათ, არა. ადამიანი, რომელსაც აქვს პრობლემა ენის ბორძიკით საუბრის, ლაპარაკი ხომ იმაზე არ არის, რომ ის ადამიანები ჩვეულებრივად ყოფაში რამე პრობლემებს ხვდებიან, გარდა იმ დისკომფორტისა, რომელსაც ეს მათი თავისებურება წარმოქმნის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს მძიმე, გამოუსწორებელი ფორმის დეფორმაცია... დეფექტებს შორის არის განსხვავება, არსებობს დეფექტი, რომელიც გამოსწორებადია, ანუ ტრენინგით ყოველდღიური მუშაობით, რომ გითხრათ იდეალურად მოსაუბრე იშვიათად არის ადამიანი, ყველას გვაქვს გარკვეული პრობლემა მეტყველებაში, ზოგი ვჩქარობთ, ზოგი ზოგიერთ ბგერას არ გამოვთქვამთ სრულად, მაგრამ არის გასწორებადი. ან არის გამოუსწორებელი.  ნუცას შემთხვევაში, ეს პრობლემა გარკვეული პროექტის ფარგლებში იქნა წამოწეული, უბრალოდ, ეს მოვლენა მისთვის დღემდე არის მტკივნეული.  

 ჩვენ ვლაპარაკობთ სამსახიობო ხელოვნებაზე, შეურაცხყოფა რომ არავის მივაყენო, მაგალითს მოგიყვანთ, დავუშვათ, მისაღებ გამოცდაზე შემოდის აბიტურიენტი და მას უჭირს გადაადგილება, ცოტა უცნაურად მოძრაობს, როდესაც გადაადგილდება, ბუნებრივია, კომისიას გაუჩნდება კითხვა, რომ ჰკითხოს რაშია საქმე, ანუ მას აქვს უბრალოდ ტრავმა ფეხზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მიიღო და რაღაც დროის მერე გაივლის, მას აქვს ტრავმა, რომელიც შეუძლებელია, რომ გამოსწორდეს, თუ ეს არის უბრალოდ ამ წუთში გადაიბრუნა ფეხი... ბუნებრივია, იმიტომ, რომ მერე ამ ადამიანმა უნდა იცეკვოს, უნდა გაიაროს სამსახიობო ტრენინგი, უნდა იმოძრაოს სცენაზე...   
 

ყველანი ვთანხმდებით ადვილად, რომ თუ ადამიანს არ აქვს რითმის შეგრძნება და არ აქვს აბსოლუტურად სმენა, არ შეიძლება, ის მოხვდეს კონსერვატორიაში, თუ ადამიანი არის სრულიად უსინათლო, ის შეუძლებელია მოხვდეს სამსახიობოზე, თუ ადამიანს აქვს აბსოლუტურად სმენა დაქვეითებული, ის შეუძლებელია მოხვდეს. თუ მას აქვს ვერბალური პრობლემები ანუ თუ მეტყველების უნარი აქვს დაქვეითებული, ის შეუძლებელია, მოხვდეს“, - ამბობს მარგველაშვილი .
 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ართმევს თუ არა ადამიანებს აღნიშნული წესი განათლების უფლებას, რექტორი პასუხობს, რომ  სწავლის უფლების წართმევად შეგვიძლია შევაფასოთ ყველა ის შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი ვერ ხვდება უნივერსიტეტში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^