„სექსუალური უმცირესობების წარმოთქმას სიჩუმე, სიცილი ან უხერხულად, ხმადაბლა გამოთქმული მოსაზრებები მოჰყვებოდა" - ამის შესახებ ნათქვამია TDI-ის კვლევაში, რომელიც უმცირესობებისადმი სტუდენტების განწყობებსა და მედიის როლს სწავლობს.
კვლევა მიმდინარეობდა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს ექვსი ქალაქის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში: თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი. კვლევაში ნათქვამია, რომ წინამდებარე კვლევა კონკრეტული უმცირესობების მიმართ კონ- კრეტულ ქალაქებში არსებულ უნივერსიტეტებში სტუდენტური განწ- ყობების ზოგადი მიმოხილვაა და არ ითვალისწინებს მიღებული შედეგების განზოგადებას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სტუდენტები ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს სინონიმებადაც იყენებდნენ, ხოლო სექსუალური უმცირესობებისთვის აბრევიატურას ლგბტ ან მის არასწორ, დამახინჯებულ ვერსიას იყენებდნენ.
„ბიჭების ფოკუსჯგუფებში უფრო მეტი დაძაბულობა და უხერხულობა იგრძნობოდა, რაც დანარჩენი რესპონდენტების სიცილით განიმუხტებოდა" - ნათქვამია კვლევაში.
მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ კვლევის აქტიური წევრები გამოირჩეოდნენ რელიგიურ-ნაციონალისტური ნარატივით, ხოლო პასიური რესპონდენტები ეთანხმებოდნენ აქტიურ სტუდენტებს და ნეიტრალური პოზიციები გამოირჩეოდა „უცხოსთვის“ ადგილის მიჩენითა და მათთვის „ჩარჩოს ფარგლების მითითებაში“, რასაც ისინი უსაფრთხოებითა და უმრავლესობის უპირობო უპირატესობით ხსნიდნენ.
რაც შეეხება გენდერულად დიფერენცირებულ ჯგუფურ დისკუსიებს, კვლევის თანახმად, გოგონების ნარატივი შეიძლება დახასიათდეს შედარებით ტოლერანტულად, ბიჭების ნარატივისგან განსხვავებით, რასაც რესპონდენტები „ქართველი კაცის შეუგუებელი ბუნებით“ ხსნიან.
„უმცირესობების საკითხებზე, მათ მიმართ განწყობებსა და უფლებებზე საუბრისას სტუდენტები ხაზს უსვამენ ეთნიკურ, რელიგიურ მრავალფეროვნებას, ისტორიიდან მოჰყავთ მაგალითები ქართველი ერის ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ, იხსენებენ დავით აღმაშენებლის მეჩეთში სტუმრობის ისტორიულ მაგალითსა და სინაგოგის, მეჩეთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდიგვერდ თანაარსებობას. ეს არის ტოლერანტობისა და ქართველი ერის შემწყნარებლობის გავრცელებული მაგალითები, თუმცა, იგივე სტუდენტები რელიგიურ თუ ეთნიკურ იდენტობაზე საუბრისას ნეგატიურ მაგალითებსაც იშველიებენ. ლგბტ თემის (სექსუალური უმცირესობების) შემთხვევაში კი, ძირითადად, უარყოფითი კონტექსტი ვლინდება და მათი პოზიცია პირობით კატეგორიაში ექცევა – თუ „ისინი ჩარჩოებში იქნებიან, არ დაიმსახურებენ ნეგატიურ განწყობებს“. მესამე, გამოკვეთილი ტენდენცია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, არის პოზიტიური დისკრიმინაცია, რომლის მიხედვითაც ხდება ლგბტ თემის წევრების ეგზოტიზაცია და ისინი მისაღები არიან იმდენად, რამდენადაც მიეკუთვნებიან ლგბტ თემს" - ნათქვამია კვლევაში.
სტუდენტებში უმცირესობათა მიმართ განწყობას TDI შემდეგი მეთოდოლოგიის გამოყენებით სწავლობდა:
- შედგა 12 ჯგუფური დისკუსია-ინტერვიუ საქართველოს ექვსი ქალაქის ექვს უნივერსიტეტში;
- ფოკუსჯგუფის ინტერვიუები გენდერული ნიშნით იყო დაყოფილი;
- წინასწარ შედგა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი;
- თითოეულ ჯგუფში რვა მონაწილე იყო;
- დისკუსიის საშუალო ხანგრძლივობა: 1.5-2 საათი;
- რესპონდენტების ასაკი: 18-26 წელი;
- ფოკუსჯგუფების დისკუსიების ვადა: 2016 წლის ნოემბერი-2017 წლის აპრილი.