„მუსლიმთა საკითხი რელიგიური ნარატივიდან ეთნიკურ და ნაციონალისტურ თემებში გადადის და აიგება ქართველობის ცნების გაგების საპირისპიროდ, ხოლო იეჰოვას მოწმეებისადმი ნეგატიური განწყობა მათ მიერ საკუთარი შეხედულებების გავრცელების ფორმის, პროზელიტიზმის მიმართ გამოიხატება" - ამის შესახებ ნათქვამია TDI-ის კვლევაში, რომელიც უმცირესობებისადმი სტუდენტების განწყობასა და მედიის როლს სწავლობს.
კვლევა მიმდინარეობდა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს ექვსი ქალაქის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში: თელავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. კვლევაში ნათქვამია, რომ წინამდებარე კვლევა კონკრეტული უმცირესობების მიმართ კონკრეტულ ქალაქებში არსებულ უნივერსიტეტებში სტუდენტური განწყობის ზოგადი მიმოხილვაა და არ ითვალისწინებს შედეგების განზოგადებას.
კვლევის თანახმად, ზოგადად, უმცირესობისადმი დამოკიდებულება მაინც ერთგვაროვანი იყო ყველა ქალაქში - რელიგიური უმცირესობებისა და ზოგადად, უმცირესობებისადმი მიმართება გამოიხატება ისეთ საერთო ღირებულებაში, როგორიც არის უსაფრთხოება, „კოლექტიური/ნაციონალური გადაგვარება“, გაქრობა, დემოგრაფია და საჯარო სიკეთისადმი ხელმისაწვდომობაში შეცილება, „სხვების“ სიმრავლისა და სახელმწიფოს მიერ პრივილეგიათა მინიჭების გამო, რაც ეკონომიკისა და პოლიტიკის ენაზე ითარგმნება, როგორც რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
„ამ პოზიციიდან შეიძლება აიხსნას ის შიში, რაც რესპონდენტებს „სხვების“, მათგან განსხვავებულის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ. სტუდენტები თავიანთ ქალაქებსა და რეგიონებში რელიგიურ უმცირესობათა აღწერისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ და სხვა უმცირესობებთან შედარებით, უფრო მეტ დროს უთმობდნენ, მუსლიმებსა და იეჰოვას მოწმეებს. მუსლიმებთან დაკავშირებით გამოიკვეთა ეთნიკურ-ნაციონალისტური მიკუთვნებულობის, მეჩეთების მშენებლობისა და თურქეთის გავლენის საკითხი; ხოლო იეჰოვას მოწმეებისადმი – მათ მიერ საკუთარი რწმენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფორმებისადმი გამოიხატა ნეგატიური დამოკიდებულება. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ჯგუფებს, მათ მოიხსენიებდნენ ქრისტიანობის განშტოებებად, რაოდენობრივად მცირეებად, ნაკლებად საჯაროდ აქტიურებად და შესაბამისად, ნაკლებ საფრთხის შემცველ რელიგიებად" - ნათქვამია კვლევაში.
სტუდენტებში უმცირესობათა მიმართ განწყობას TDI შემდეგი მეთოდოლოგიის გამოყენებით სწავლობდა:
- შედგა 12 ჯგუფური დისკუსია-ინტერვიუ საქართველოს ექვსი ქალაქის ექვს უნივერსიტეტში;
- ფოკუსჯგუფის ინტერვიუები გენდერული ნიშნით იყო დაყოფილი;
- წინასწარ შედგა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი;
- თითოეულ ჯგუფში რვა მონაწილე იყო;
- დისკუსიის საშუალო ხანგრძლივობა: 1.5-2 საათი;
- რესპონდენტების ასაკი: 18-26 წელი;
- ფოკუსჯგუფების დისკუსიების ვადა: 2016 წლის ნოემბერი-2017 წლის აპრილი.