Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

5 ლიდერი, რომლებმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

20 სექტემბერი, 2017 14:10

19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში და, რომ მსოფლიო ქვეყნებმა ბევრი უნდა იმუშაონ ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის. 

„აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა  სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის გასაღებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოგვარდეს კონფლიქტები მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“,- თქვა ერდოღანმა. 

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, რომ გრძელდება სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ყირიმის ნახევარკუნძული. 

„აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ მიმდინარეობს სამხედრო აგრესია და კონფლიქტი, რაც იწვევს სამოქალაქო პირების (მათ შორის, ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრის) დაღუპვას.  ყირიმის ნახევარკუნძული კვლავ ოკუპირებულია, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიები. ასევე  გრძელდება კონფლიქტები დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში“, - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ლატვიის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საერთაშორისო პასუხისმგებლობა, დაიცვას მშვიდობა. 

„რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, რადგან ის არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი.  მან დაარღვია გაეროს წესდება საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის ანექსიით და იმით, რომ პირდაპირ მონაწილეობდა ომში  აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ. 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამაც ისაუბრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ. მისი თქმით, 10 წელია, საქართველოში ირღვევა გაეროს ფუნდამენტური წესები, როგორიცაა მაგ: საზღვრების ურღვევობის პრინციპი და ა.შ. 

 „პოლონეთი ასევე ისურვებს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დამყარებული იქნება პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე.  ნებისმიერი მცდელობა, რომელიც დაარღვევს ამ პრინციპებს, შეასუსტებს ამ საერთო ნდობას. საქართველოში თითქმის 10 წელია და უკრაინაში 3 წელია, აშკარად ვხედავთ გაეროს ფუნდამენტური წესების დარღვევას. მათ შორის - საზღვრების ურღვევობის პრინციპის, სუვერენიტეტის პატივისცემის, დავისა და კონფლიქტის დროს სამხედრო ძალის გამოუყენებლობისა და ა.შ.“ - განაცხადა ასამბლეაზე პოლონეთის პრეზიდენტმა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას თქმით, წინდაუხედავი, პირადი ინტერესების გამო, საფრთხის ქვეშ დგება საერთაშორისო უსაფრთხოება და მშვიდობა. მისი თქმით, ასეთი ფაქტები ხდება საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში, აგრესიული მეზობლის გამო.  

„ჩვენ ვართ მოწმეები იმისა, რომ წინდაუხედავი ინტერესების გამო გვაქვს არასტაბილურობა. ეს ძირს უთხრის მცდელობას, შევინარჩუნოთ საერთაშორისო უსაფრთხოება და მშვიდობა.  გაეროს წესდების მთავარი ნაწილი, ერებს შორის დავიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, შეეწირა პირად, ეგოისტურ ინტერესებს,  ხოლო მათი საუბარი ხშირად მიმართულია იმისკენ, რომ დაფარონ ძალადობა, საერთაშორისო წესრიგის დარღვევა და  სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობა. ეს არის საშიში თამაში, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული და გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ ამას ვხედავთ ევროპაშიც, უკრაინაში,  საქართველოსა და მოლდავეთში. ამ ქვეყნებმა  იციან მშვიდობის ფასი. მათ კარგად იციან, თუ როგორი ტკივილია აგრესიული მეზობელისგან სახელმწიფო სუვერენტიტის დარღვევა, იმ მეზობლისგან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს წესები მას არ ეხება“, - თქვა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^