Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლაითბოქსებში“ ამონათებული კარავაჯო - ხელოვნებათმცოდნისთვის გაუგებარია გამოფენის მიზანი

06 ოქტომბერი, 2017 19:20

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ (ორიგინალი) და კარავაჯოს ციფრული რეპროდუქციებია წარმოდგენილი. გამოფენა გუშინ გაიხსნა  და 29 ნოემბრის ჩათვლით იქნება ღია დამთვალიერებლებისათვის.

პროექტის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. გამოფენის ორგანიზებაში იტალიის მხრიდან ჩართული იყო სხვადასხვა სამთავრობო უწყება, საქართველოს მხრიდან კი ორგანიზებას უწევდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check in Georgia.

გამოფენის ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობამ 75 000 ევრო გამოყო, თანხის დიდი ნაწილი კი იტალიის საელჩომ დაფარა. „ლიბერალმა“ შეკითხვით მიმართა იტალიის საელჩოს საქართველოში - თუ რა თანხა გაიღეს გამოფენის ორგანიზებისთვის. რაზეც პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ორმოცი, ნატურალური ზომის, ციფრული რეპროდუქცია, რომლებიც ე.წ. „ლაითბოქსებით“, ეკრანებითაა წარმოდგენილი დ. შევარდნაძის სახელობის გალერეის რამდენიმე დარბაზშია განთავსებული. სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ კი ორიგინალია და გალერეის ერთი დარბაზი უჭირავს.

Facebook-ში დამთვალიერებელთა ნაწილი კარავაჯოს ციფრული რეპროდუქციებით და გამოფენის კონცეფციით უკმაყოფილებას არ მალავს.

ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე „ლიბერალთან“ გამოფენის შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ კარავაჯოს ნამუშევრების ასეთი ციფრულ რეპროდუქციები, რომელიც წარმოდგენილია ე.წ.„ლაითბოქსებით“ საგანმანათლებლო ფუნქციასაც კი ვერ შეასრულებს სწორად.

„ლაითბოქსების" პრინციპმა სრულიად გააყალბა და გაანადგურა კარავაჯოს ნამუშევრები. როდესაც რეპროდუქციების გამოფენა დაანონსდა, მიუხედავად იმისა რომ მაშინვე მიუღებელი იყო ჩემთვის, მეგონა ტილოზე მაინც იქნებოდა დაბეჭდილი, რაც ფაქტურის შეგრძნებას მაინც არ გაანადგურებდა. სამწუხაროდ, სრულიად არაპროფესიონალურად მოუდგნენ საქმეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდის ნამუშევარს აციფრულებ. ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ ასეთი გამოფენების, მაგრამ მაგ: ენდი უორჰოლის ნამუშევრების დაპრინტვა სხვა შემთხვევაა, და როდესაც სინათლისა და ჩრდილის ეფექტების დიდოსტატთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს დაუშვებელია და შეუძლებელია ასეთმა გამოფენამ არა თუ სხვა, არამედ საგანმანათლებლო ფუნქცია მაინც შეასრულოს. პირიქით, ვფიქრობ, ასე არასწორედ გაკეთებული გამოფენა უკურეაქციას გამოიწვევს", უთხრა „ლიბერალს“ ქეთი შავგულიძემ.

მისი თქმით, მუზეუმი არის სივრცე, სადაც დამთვალიერებლს აქვს შესაძლებლობა პერსონალური ურთიერთობა გქონდეს ნამუშევართან, ორიგინალთან. ხოლო ეს ექსპოზიცია, რომელიც ეროვნულ გალერეაშია წარმოდგენილი, ამის საშუალებას არ იძლევა.

„მუზეუმი ქმნის განსაკუთრებულ კონტექსტს, სადაც შენ გაქვს შესაძლებლობა პირადად შეეხო ისტორიას, პერსონალური კონტაქტი გქონდეს იმასთან, რაც არის უნიკალური, ორიგინალური და ექსკლუზიური. ამ ექსკლუზიურობის განცდას ვერაფერი შეცვლის. ის ჩნდება, მხოლოდ იქ და იმწუთას, შენსა და ნამუშევარს შორის და თავისთავად ბადებს განუმეორებელ შეგრძნებების მთელ ჯაჭვს, რაც ამ გამოფენის შემთხვევაში მთლიანად მოშლილია. საინტერესოა გაგვაგებინონ რატომ გაკეთდა ეს გამოფენა და რისთვის დაიხარჯა თანხა?“, - განაცხადა ქეთი შავგულიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ გამოფენას აქვს თავისი მიზანი და კონცეფცია. რაც ამ შემთხვევაში სრულებით არ ჩანს. უცნობია, ვინ არის გამოფენის კურატორი. იტალიის საელჩოში კი განაცხადეს, რომ ორივე მხრიდან გამოფენის ორგანიზებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და კურატორობა საელჩომ შეითავსა.

„მაინტერესებს გამოფენის კონცეფცია - რა აკავშირებს ამ კონკრეტულ ორიგინალსა და რეპროდუქციებს, რა ბმაა ვენერასა და ე.წ. ახალ ტექნოლოგიებს შორის, ან რატომ კარავაჯო და ბოტიჩელი? რა პრინციპით შეირჩა ნამუშევრები და თუ ჩვენი მხრიდან არ შეირჩა, ეს უბრალოდ ის არის, რაც გაიმეტეს?“, - განაცხადა შავგულიძემ.

ეროვნული მუზეუმიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ორი დღის განმავლობაში 1500-ზე მეტი დამთვალიერებელი მივიდა გამოფენის „უნივერსალური ღირებულებების: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე“ სანახავად, ამასთანავე ამბობენ, რომ თავიდანვე გაცხადებული იყო,ბოტიჩელის ვენერა ორიგინალით, ხოლო კარავაჯოს ნამუშევრები კი რეპროდუქციებით რომ იქნებოდა წარმოდგენილი და გამოფენა საგანმანათლებლო მისიას ასრულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^