რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ყველაზე დიდი წილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე მოდის. 2016 წლის მსგავსად, ყველაზე დიდი ღირებულების კონტრაქტი ქვემო ქართლის ტელევიზიასთან არის გაფორმებული - წერია მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას.
რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების 71.5% ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე მოდის. რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი თანხა, 2016 წლის მსგავსად, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული (180 571 ლარი), მას მოსდევს ტელეკომპანია „რიონი“ (იმერეთი) (156 329) და მარნეულის ტელევიზია (57 585). სხვა რეგიონულ ტელევიზიებში შემდეგი ვითარება იკვეთება: „იმერვიზია” – 57 057, „გურჯაანი“ – 52 920; „ფარვანა“ - 50 000; „ბოლნელი“ – 34 500, „მეცხრე ტალღა“ – 29 968, „ზარი” – 20 000 ლარი; სხვა ტელევიზიებმა („ოდიში”, „თრიალეთი”, „არგო”, „ეგრისი“, „ტვ 25”, „ატვ 12”, „კოლხეთი 89“, „მეგა ტვ”, „კახეთი”) ჯამში 66 538 ლარის სარეკლამო მომსახურება მიიღეს. 2017 წელს მნიშვნელოვნად იმატა რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებულმა ერთიანმა ხელშეკრულებებმა (ერთდროულად რამდენიმე კომპანია), მათმა ღირებულებამ კი 158 948 ლარი შეადგინა. აქედან, 40,8 % (64 900 ლარი) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შპს „რეგიონული ტელევიზიების სხვა არხთან” გაფორმებული კონტრაქტებია.