Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბირქენდის მოსახლეობა - ხმას ვაძლევთ იმ იმედით, რომ იქნებ სკოლა შეაკეთონ

21 ოქტომბერი, 2017 22:06

წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმ იმედით მიდის, რომ არჩევნების შემდეგ სკოლის შენობას შეაკეთებენ.

სხვა საარჩევნო უბნების მსგავსად, საბირქენდის მე-12 საარჩევნო უბანიც საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. საბირქენდი მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია. სკოლის ერთსართულიანი შენობა, სადაც სულ 10 კლასია,  მძიმე მდგომარეობაშია. ნიზამი ალიევი, რომელიც ახლა არჩევნებს აკვირდება, ამბობს, რომ ისიც ამ სკოლაში სწავლობდა და სკოლის შენობა მაშინაც ავარიული იყო: „ყოველთვის, როცა არჩევნებია, მოვდივართ და ხმას ვაძლევთ იმ იმედით, რომ იქნებ სკოლა შეაკეთონ, მაგრამ, წლებია, სკოლის მდგომარეობა არ იცვლება.“

სკოლა 50-ზე მეტი წელია, რაც არსებობს. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობა თავიდანვე უხარისხოდ აშენდა. „აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას, “სოკარის” წარმომადგენლებს, ვის აღარ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ამ სკოლას საშველი არ დაადგა. ჩვენს შვილებს ისევ ასეთ ავარიულ სკოლაში უწევთ სწავლა,“ - ამბობს ნიზამი.

სარხან დაშდემიროვმა საბირქენდის სკოლა 2012 წელს დაამთავრა:

„ეს სკოლა დაარსებიდანვე მძიმე მდგომარეობაში იყო. მომდევნო არჩევნებზე თუ მოხვალთ, ალბათ, ამასაც ვეღარ ნახავთ - შენობა ინგრევა. განათლების ხარისხი კარგია, მაგრამ შენობა საშინელ მდგომარეობაშია. ოთახებში თუ შეიხედავთ, ნახავთ, რომ ჭერი იქცევა. იატაკიც იმდენად სავალალო მდგომარეობაში იყო, რომ მასწავლებლები შიშით გაკვეთილზე შესვლაზეც უარს ამბობდნენ. შემდეგ იატაკი შეაკეთეს და ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.”

თავდაპირველად სკოლა ოთხწლიანი იყო. შემდეგ ის რვაწლიანი გახდა. მიუხედავად ამისა, მშობლების უმეტესობას ურჩევია, რომ შვილები სასწავლებლად  მეზობელი სოფლის სკოლაში მიიყვანოს, რომელიც საბირქენდიდან 3 კმ-ით არის დაშორებული. ეს კი მათთვის დამატებითი პრობლემაა.

საბირქენდში მცხოვრები გაზანფარ ნამაზოვი ამბობს, რომ ბავშვის სხვა სკოლაში ტარების შესაძლებლობა ყველა ოჯახს არ აქვს: „ვისაც შესაძლებლობა აქვს, ტაქსს ქირაობს და შვილი უკეთეს სკოლაში დაჰყავს. ამისთვის თვეში სულ ცოტა 35-40 ლარია საჭირო. მათი შვილები კი, ვისაც შესაძლებლობა არ აქვთ, იძულებულები არიან, ამ სკოლაში იარონ. ამიტომ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა. ახლა სკოლაში 10-15 ბავშვია დარჩენილი. ასეთი ცუდი პირობების გამო ისინი ზამთარში ხშირად ხდებიან ავად. ბავშვებმა აქ როგორ უნდა ისწავლონ? არჩევნებზე მეტად ამ სკოლის მდგომარეობის გაშუქება გვჭირდება.“

არჩევნებზე მოსული სოფლის ყველა მკვიდრი, რომელსაც კი გავესაუბრეთ, ყველაზე მეტად ისევ სკოლის მდგომარეობაზე წუხდა და იმ სირთულეებზე ლაპარაკობდა, რომლებსაც ბავშვები სკოლაში აწყდებიან.

ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ საბირქენდში არჩევნების გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტები სტატიებს და სიუჟეტებს სკოლის მძიმე მდგომარეობის შესახებაც მოამზადებენ.

ჯავიდ აბდულაევი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^