Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC ჩხრეკის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

31 ოქტომბერი, 2017 13:13

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელი შეტანილია მოქალაქე გიორგი ქებურიას სახელით, რომელიც „ბირჟა მაფიის“ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია.

„საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

EMC-იმ შეისწავლა რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას შეეხებოდა. ყველა შესწავლილი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა ერთგვაროვანი სამართლებრივი ხარვეზები, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ამ საქმეებში პოლიციის მოქმედების კანონიერების და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით. „ბირჟა მაფიის” საქმეში, ისევე როგორც EMC-ის მიერ შესწავლილ ყველა საქმეში, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლო ნებართვის გარეშე, მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის ყველა საქმეში სასამართლომ კანონიერად ცნო ჩხრეკა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩხრეკისთვის მოითხოვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობას. თუმცა, გასაჩივრებული ნორმების შინაარსი და მათი გამოყენების პრაქტიკა მიუთითებს, რომ „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის შესაქმნელად საკმარისად არის მიჩნეული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის სანდოობაც სასამართლოს მიერ შემოწმებას არც ერთ ეტაპზე არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, შემდეგი გარემოებები ნათლად აჩვენებს გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობას:

  • ოპერატიული ინფორმაციის და წყაროს გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის მიუხედავად, სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს მათ საფუძველზე ჩხრეკისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შექმნას. საპროკურორო და სასამართლო კონტროლის მიღმა დარჩენილი პირველწყაროს (კონფიდენტის) ინფორმაციაზე დაყრდნობით პირად ცხოვრებაში ჩარევა, ზრდის თვითნებობის, შეცდომის დაშვების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს;
  • სასამართლო პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ ჩხრეკის კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო სრულად ეყრდნობა მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ყოველგვარი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დავალდებულების გარეშე;
  • ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას ჩხრეკა და მის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება პრაქტიკულად გადამწყვეტია პირისთვის ბრალის წასაყენებლად. ამ პირობებში კი ბრალდებულს არ აქვს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, ადეკვატურად დაიცვას თავი და უპასუხოს ბრალდების შემოთავაზებულ ვერსიას, რამდენადაც ვერ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის/რეალურობის გადამოწმების საკითხს.
  • პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას არ გამორიცხავს პოლიციის თანამშრომელთა ისეთ ჩვენებებზე დაყრდნობით, რომელიც ირიბი ჩვენების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ არაიდენტიფიცირებადი კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სასამართლოსთვის გადაცემის ფუნქციას ასრულებს.

საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს) და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; დაცვის უფლება გარანტირებულია)", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^