Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსალოდნელია თუ არა მიკაილ კადიევის ექსტრადიცია და რა საფრთხე დაემუქრება მას რუსეთში

03 ნოემბერი, 2017 17:27

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დევნილთა სამინისტროს სარჩელი, რითაც მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ეს უკანასკნელი შესაძლოა რუსეთში ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დადგეს. რუსეთში მას ბრალს მკვლელობაში სდებენ და საქართველოდან ექსტრადირებას ითხოვენ.

„მას ემუქრება სიკვდილი, ისევე, როგორც მის უფლებადამცველ მეგობრებსა და არაერთ უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს რუსეთში. ოკუპანტი ქვეყნის წერილობით გარანტიას ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო უწყება იღებს, როგორც გარანტიას. თქვენ ამის გჯერათ?!“ - განაცხადა კადიევის ადვოკატმა, მალხაზ პატარაიამ 30 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივი ამ საქმეში არ არის და დაცვის მხარეს საქართველოში მისი ლეგალურად დარჩენა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისთვის უნდა.

„ის გარემოება, რომ მას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ელოდება სიკვდილი ან რამე მსგავსი საშინელება, ამის მოტივი მის ბიოგრაფიაში არ არსებობს“ - განაცხადა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლევან ბარდაველიძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში.

„მინდა, ქართველ ხალხს მივმართო, რადგან ყველა ინსტანცია მოვიარე და დავკარგე იმედი, არ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამ სისტემას, ლტოლვილთა სამინისტროს. მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან ჩემ მიმართ საექსტრადიციო პროცესი მიმდინარეობს, გამგზავნიან რუსეთში. მე წარვადგინე ყველა მტკიცებულება, რომ ვარ უდანაშაულო და არსებობს ჩემი მოკვლის საფრთხე" - თქვა კადიევმა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნუგზარ წიკლაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ლიბერალი“ კადიევის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფაქტობრივად, სამართლებრივად დაუცველ პოზიციაში აღმოჩნდა, ექსტრადიციის შემთხვევაში კი რუსეთში მას არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება.

ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებულ საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რა გეგმები აქვს დაცვის მხარეს?

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დაცვის მხარე საბოლოოდ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა შემდგომ ღონისძიებებს მიმართავს კადიევის ექსტრადიციისგან დასაცავად, თუმცა ამ საკითხზე მუშაობენ.

მისი თქმით, ექსტრადიციის შემთხვევაში, საკითხი საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს, თუ რამდენად დასაშვებია მისი რუსეთისთვის გადაცემა და თუკი დააკმაყოფილა, მისი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაა შესაძლებელი.

„თუკი უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს, რჩება ბოლო პროცედურა - იუსტიციის მინისტრის ხელმოწერა. მას აქვს უფლება, ხელი არ მოაწეროს ექსტრადიციას, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა“ - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, კადიევმა შესაძლოა, მოქალაქეობა მოითხოვოს, რომლის მინიჭების უფლებამოსილებაც პრეზიდენტს აქვს.

„ვფიქრობთ, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზეც. როცა სააპელაციო სასასამართლოს გადაწყვეტილება სრულად ჩაგვბარდება, გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში“ - ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ექსტრადიციას შეაჩერებს.

რატომ დააკავეს კადიევი და როგორ ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ მას რუსეთში საფრთხე ემუქრება?

35 წლის კადიევი რუსეთის ფედერაციამ ადგილობრივი მაღალჩინოსნის მკვლელობაში 2009 წელს დაადანაშაულა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მკვლელობა მოსკოვში მოხდა, ამ დროს კი კადიევი დაღესტანში იმყოფებოდა, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ.

რუსეთის ფედერაციის დატოვების შემდეგ კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ - დუბაიში, საქართველოში კი 2010 წელს შემოვიდა.

კადიევი საქართველოში პირველად 2013 წელს დააკავეს. ადვოკატის თქმით, იგი თურქეთში მიდიოდა, როცა თანმხლებ პირთან ერთად აიყვანეს.

„ეს უკანასკნელი გაუჩინარდა და როგორც ამბობენ, რუსეთის ერთ-ერთ ციხეში აღმოჩნდა. ფაქტობრივად რუსეთს გადაცეს. სავარაუდოდ, კადიევის გადაცემასაც აპირებდნენ, მაგრამ მან გზაში გაქცევა მოახერხა. 4 ტყვია ესროლეს. რამდენიმე თვეში კვლავ დააკავეს. თავიდან სიტყვიერად ტერაქტში დაადანაშაულეს, შემდეგ კი მას და მის ბიძაშვილს იარაღი ჩაუდეს“ - ამბობს ადვოკატი.

2013 წლის 13 ივნისს მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი თბილისში დააკავეს. შსს მაშინ აცხადებდა, რომ ტერორისტული აქტის მცდელობა-მომზადების სტადია აღკვეთეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილებებისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის დააკავეს. კადიევსა და ომაროვს 2-2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულება 2015 წლის 13 ივნისს დატოვეს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარემ არაერთი დამადასტურებელი ფაქტი მოიპოვა იმისა, რომ კადიევი დაღესტანში იდევნებოდა.

„მოვიძიეთ არაერთი დოკუმენტი, ასევე სასამართლოზე დაკითხეს ადგილობრივი უფლებადამცველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კადიევი დაღესტანში ყოფნის დროს იდევნებოდა. იგი შეესწრო მკვლელობას, რომელიც რუსულმა „ომონმა“ ჩაიდინა და ხელი მაღალჩინოსანს დაადო. შემდეგ გაიტაცეს, თავზე ცელოფანი ჩამოაცვეს, აწამეს და დაარწმუნეს, რომ მოწმედ გამოსვლის შემთხვევაში მოკლავდნენ“ - ამბობს ადვოკატი.

რას საქმიანობდა კადიევი დაღესტანში?

ნიკოლაიშვილის განმარტებით, კადიევი დაღესტანში უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა და რელიგიური ნიშნითაც იდევნებოდა.

„მუსლიმი ბავშვებისთვის ჰქონდაგახსნილი სასწავლებელი, რომელთა მშობლებიც რუსულმა „ომონმა“ დახოცა. ესენი იყვნენ კონტრტერორისტული ოპერაციების დროს დაღუპული მშობლების ბავშვები. ეს იყო კერძო რელიგიური სასწავლებელი, რომელსაც თავად აფინანსებდა და ოჯახებს ეხმარებოდა. თვითონაც ამბობს, რომ ვინც მეჩეთში დადიოდა, წვერს ატარებდა და რელიგიურ ლიტერატურას ავრცელებდა, რელიგიური დევნის ობიექტი იყო“ - ამბობს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, იგი ოპოზიციური პარტიის წევრი და არაერთი ანტისახელისუფლებო მიტინგის ორგანიზატორი იყო.

„იცავდა ადამიანის უფლებებს და აპროტესტებდა „ომონის“ მოქმედებებს დაღესტანში“ - ამბობს ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^