
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი საქართველოს საპატიო მოქალაქეა. საპატიო მოქალაქის წოდება მას 2015 წელს მიენიჭა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.
ალვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა 2015 წლის 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.
საუდის არაბეთში ანტიკორუფციულმა სამსახურმა 11 პრინცი, 4 მინისტრი და რამდენიმე ათეული ყოფილი მინისტრი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, ახალ ანტიკორუფციულ სამსახურს ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.
დაკავებულთა შორისაა მილიარდერი პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი, რომელსაც ინვესტიციები ისეთ დიდ კომპანიებში აქვს, როგორებიც არის Apple და Twitter.
მეფე სალმანმა დაცვის ეროვნული სამსახურისა და სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელები შეცვალა.
ახალ ანტიკორუფციულ კომიტეტს დაკავების ორდერის გამოცემისა და მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილება აქვს.
BBC-ის ინფორმაციით, განვითარებული მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა 32 წლის სამეფო ტახტის მემკვიდრეს სრული კონტროლი დაემყარებინა ქვეყანაზე.
იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუმცა შედარებით კონსერვატიული განწყობების მქონე უფროსი თაობა ფიქრობს, რომ პრინცი ზედმეტად სწრაფად და რადიკალურად მოქმედებს.