ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის შეფასებით, ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობისთვის სისხლის სამართლის სანქციების, მათ შორის პატიმრობის გაუქმებას და მისი ფულადი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოთი შეცვლას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. კომისიის განცხადებით, ამის მაგალითები სხვა სახელმწიფოებში უკვე არსებობს.
ამის შესახებ აღნიშნულია ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ხელმძღვანელის, რუთ დრეიფუსის წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სახელზეა.
წერილში გლობალური კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ნარკოტიკების მოხმარებასა ან პირადი მოხმარებისთვის ფლობაზე პირველ და მომდევნო შემთხვევებს შორის [მიდგომების კუთხით] განსხვავება არ უნდა იყოს.
„ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გადახედოთ მოქმედ კანონმდებლობას და მომზადებულ რეფორმას. მეორე ჯერზე დაკავებული ადამიანებისთვის სისხლის სამართლის კვალიფიკაციის მინიჭებით შესაძლოა ამ რეფორმის ყველანაირი სარგებელი დაიკარგოს და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ადამიანების ცხოვრებაზე.
პორტუგალია, რომელმაც კრიმინალურიდან ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გადაინაცვლა, ყველა ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების დეკრიმინალიზაციის პოზიტიური შედეგების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. უფრო მეტიც, 25-ზე მეტმა ქვეყანამ წარმატებით დანერგა დეკრიმინალიზაცია. როგორც იცით, ამ მხრივ პოზიტიური გამოცდილება დაგროვდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისა და ნარკოდანაშაულის შემცირების კუთხით.
პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობასა და ვაჭრობისთვის განკუთვნილი ოდენობის ფლობას შორის არამკაფიო სხვაობის გამო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონი ხშირად არის ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზი. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული არ არის. ამ ნორმის გაუქმება დადებით შედეგებს მოიტანს... შარდის ანალიზების დიდი რაოდენობით აღებამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. ამის სანაცვლოდ, ამ მეთოდმა დახარჯა ისეთი რესურსები, რომლის უკეთ გამოყენებაც შეიძლებოდა სოციალური რეინტეგრაციისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის. ამის გამო, ახალ კანონზე ფოკუსირება, რომელიც მიმართული იქნება ნარკოდამოკიდებულთა სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვაზე, უფრო მეტ დადებით შედეგს მოიტანს", - ვკითხულობთ წერილში.
კიდევ ერთი დადებითი შეფასება საქართველომ „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმისგან“ (IDPC) მიიღო. წერილის მიხედვით, შემოთავაზებული საკანონმდებლო რეფორმა საქართველოში შესაბამისობაში მოდის „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის“ (IDPC) პრინციპებთან.
„სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოში თითქმის ყოველი ხუთიდან სამ ადამიანს, რომელიც მოიხმარდა ინექციურ ნარკოტიკებს, გამოცდილი აქვს დაკავება და პატიმრობა.
„მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ მიდგომის დანერგვა ამ პრობლემების მოგვარების გასაღებია. ეს ნათლად აჩვენა პორტუგალიის გამოცდილებამ, სადაც 2001 წელს ნარკოტიკების გამოყენების დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საზოგადოებრივი ჯანდაცვა აივ ინფექციის გავრცელებასა და ზედოზირებით სიკვდილთან ბრძოლაში. ჩვენ მოხარული ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრს საქართველოში, „ალტერნატივა ჯორჯიას“ და მის პარტნიორებს ნარკოპოლიტიკისა რეფორმის ადვოკატირებაში. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ამ მნიშვნელოვან პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისთვის სივრცე გამონახა", - წერს IDPC.
„ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზება შეესაბამება ხალხზე ორიენტირებულ და პრაგმატულ მიდგომას და UNAIDS მიესალმება საქართველოში ამის განხორციელებას", - ამის შესახებ გაერო-ის აივ ინფექცია/შიდსის ერთობლივი პროგრამა (UNAIDS) ჯანდაცვის კომიტეტისადმი მიწერილ წერილში წერს.
წერილში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სარისკო ინექციების პრაქტიკა რჩება აივ ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორად.
„ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელი საჭიროებს ჯანდაცვისა და სამართლებრივ მხარდაჭერას და არა სისხლისსამართლებრივ დასჯას. ნარკოტიკების მომხმარებლები შიშობენ, რომ ჯანდაცვის მომსახურების სერსივებში ყოფნა მათ უარყოფით სამართლებრივ შედეგებს მოუტანს.
სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის ასეთი ბარიერების მოხსნის ახალი კანონი უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოში აივ ინფექციის, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის სერვისებში ნარკომომხმარებელი ადამიანების ჩართვა/მოცვის გასაზრდელად", - წერს UNAIDS.
ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, იმუშაონ იმ პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც მოახდენს დეკრიმინალიზებას საინექციო და სხვა სახის ნარკოტიკების მოხმარებას, რაც შესაბამისად შეამცირებს თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელს.
„როდესაც პორტუგალიამ 2001 წელს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოახდინა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული არ გაზრდილა, რასაც რეფორმის ბევრი ოპონენტი შიშობდა. ნარკოლოგიურ პროგრამებში მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა 23 654-დან [1998] 38 532-მდე [2008 წ]. ამავე დროს, ყოველწლიური რიცხვი აივ ინფიცირების ახალი შემთხვევებისა ნარკომომხმარებლებს შორის 907-დან 267-მდე შემცირდა.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი განახორციელებს დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმას ამ მიმართულებით. UNAIDS გპირდებათ მუდმივ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქმეში", - წერს UNAIDS-ის აღმასრულებელი დირექტორი მ. სიდიბე. Michel Sidibe.