Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მწვანე ალტერნატივა" გარემოს დაცვის სამინისტროზე: ცვლილებები დაფარულ მიზნებს ემსახურება

13 ნოემბერი, 2017 20:39

„მწვანე ალტერნატივა" მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, სოფლის მჯეურნეობის სამინისტრო კი გარემოს დაცვის სამინისტროს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ცვლილებები სპონტანურია და საზოგადოებისთვის დაფარულ სხვა მიზნებს ემსახურება". ამავდროულად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა ღალატობს რიგი საერთაშორისო ინიციატივების სულისკვეთებასა და პრინციპებს.

„რამდენადაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ არ უძღოდა და არც შემდეგ მოჰყოლია რაიმე დასაბუთება, ასევე, ცვლილებების დეტალური აღწერა და განმარტება, ამ ეტაპზე, გაცხადებული ფუნქციური ცვლილებების ავკარგიანობაზე მსჯელობა ნაადრევად მიგვაჩნია. თუმცა, აქვე, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ორ საკითხზე:

1. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებზე „გუნდი აქტიურად მუშაობდა“ და ეს ინიციატივა მთავრობის მიერ აღებული კურსის გაგრძელებაა. ჩვენი აზრით, ეს მტკიცება არ ასახავს რეალობას; წარმოდგენილი ცვლილებები სპონტანურია და საზოგადოებისთვის დაფარულ სხვა მიზნებს ემსახურება. ამის მტკიცების შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ზუსტად ერთი წლის წინ - 2016 წლის ნოემბერში - მიღებულ 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ არაფერია ნათქვამი მთავრობის სტრუქტურულ-ფუნქციური რეფორმის საჭიროებაზე.

2. საქართველოს მთავრობა ძალზე ამაყობს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) თანათავმჯდომარეობით და ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარეობით; ამავე დროს, თავადვე ღალატობს ამ საერთაშორისო ინიციატივების სულისკვეთებასა და პრინციპებს, იღებს რა მთავრობის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესახებ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ყოველგვარი საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე. მთავრობა, ასევე, ეწინააღმდეგება მის მიერვე ზემოაღნიშნულ პროგრამაში დეკლარირებულ ვალდებულებას, რომ „გაძლიერდება საზოგადოების ჩართულობა მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა უმოკლეს ვადაში გამოაქვეყნებს რეფორმის საჭიროების დამასაბუთებელ და მისი შინაარსის მაჩვენებელ დოკუმენტაციას, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ დღეს გამოცხადებული სამთავრობო ინიციატივა ხელს არ შეუშლის საქართველოს მიერ დასახული მიზნების, მათ შორის, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის, პროგრესულ რეალიზებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა არ წარმართავს რეფორმის პროცესს ფორსირებულად და მისცემს დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას, დღეიდან მაინც, ჩართვის შესაძლებლობას" - ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას" განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

გენერალური პროკურატურა ყოფილი თანამშრომლ ...

გენერალური პროკურატურა განცხადებით პასუხობს - სალომე ადეიშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც, აწ უკვე ყოფილი პრო ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევები ...

დღეს, 23 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა  (EMC) მონიტორინგის და კვ ...
^