დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტით, ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.
გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების საკითხს დაეთმო. პროექტის ავტორების აზრით, კომერციული რეკლამის მარეგულირებელი ნორმები ზედმეტად შემზღუდველია და მიზანშეწონილი იქნება, რომ კანონი იძლეოდეს მათი განთავსების ფარგლების გაზრდას.
შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით კანონში ამგვარი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს:
„საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება, განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს)".
აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგნი არიან კერძო და რეგიონული ტელევიზიები. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან ისედაც აქვს გარანტირებული დაფინანსება, სარეკლამო ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშის შესვლით, კერძო და რეგიონული ტელევიზიები შესაძლოა არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ სარეკლამო ბაზარზე კიდე ერთი მოთამაშე შემოვა, ხომ არ შეეცდება საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შესვლას და პოზიციების გაძლიერებას იაფი ფასით. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ისედაც არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი სარეკლამო ბაზრისთვის“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელმა.
გურჯაანის ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ალექსიშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც თავის რეიტინგთან შედარებით 10-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვს, აღნიშნული ცვლილებით კიდევ უნდა მიეცეს საშუალება, გაზარდოს თავისი შემოსავალი და მოკლას რეგიონული არხები. კომიტეტზე მან გაიხსენა წინა წლების პრაქტიკა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დროს რეკლამას, ძირითადად, მცირე ზომის კომერციულ და რეგიონულ არხებს ართმევდა. რეგიონული არხების შემოსავალი სარეკლამო ბაზრიდან 3 მილიონ ლარამდეა. მაუწყებელს ბიუჯეტიდან უკვე აქვს 50 მილიონ ლარზე მეტი და რას აკეთებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი? მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მივიდა ტელეკომპანია „გურჯაანში“ რეკლამის განსათავსებლად, მან 1 წუთი არ იყიდა 5 ლარად, იმიტომ რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის 4 ლარად გაუკეთა. ეს იყო პრაქტიკა. თქვენ გინდათ, ეს 3 მილიონი, რომელიც ნაწილდება 21 არხზე და კიდევ მცირე ზომის არხებზე, მთლიანად აითვისოთ დაბალი სატარიფო პოლიტიკით...“, - განაცხადა მან.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობის უფლების მიცემასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა, ნინო ჯანგირაშვილმა.
მისი თქმით, სპონსორობის უფლების მიცემით საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება, მათ შორის, პრაიმტაიმშიც, განათავსოს რეკლამა. მისი თქით, ამის პრაქტიკა ადრეც იყო, როდესაც სპონსორობის სახელით პრაქტიკულად ჩვეულებრივი სარეკლამო რგოლები გადიოდა. ამასთან, მისი თქმით, სხვა ქვეყნებში სპონსორობის უფლება არც ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არაა ნებადართული.
როგორც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ხელშეწყობაა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როდესაც მისი დაფინანსება არის მიბმული ქვეყნის შიდა პროდუქტზე და ის არის წლიდან-წლამდე მზარდი.
„ამხელა დაფინანსებით კომერციული რეკლამის ბაზარზე შესვლა და კერძო მაუწყებლებთან კონკურენციაში შესვლა, ვფიქრობ, რომ სწორი არ იქნება, ამას მაინცდამაინც კარგი დასაბუთება არ აქვს - რატომ გვინდა და რა მიზნის მიღწევა უნდა მაუწყებელს დამატებითი წყაროებით“, - განაცხადა გოგუაძემ. მისი თქმით, აღნიშნულში შეიძლება დავინახოთ საფრთხე იმისა, რომ კომერციულ ტელევიზიებს ზიანი მიადგეს.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა გიორგი ხატიძემ კომიტეტის სხდომაზე დამსწრეების საპასუხოდ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მაგალითად, 2015 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების თითქმის 16% იყო კმერციული რეკლამიდან მიღებული, შვეიცარიის შემთხვევაში - 15%, პოლონეთის შემთხვევაში თითქმის - 44%, ისლანდიაში თითქმის - 29%. ნინო ჯანგირაშვილის თქმით კი, აღნიშნული ქვეყნების მონაცემები საქართველოს მაგალითთან რელევანტური ვერ იქნება, თუ არ იქნება გათვალისწინებული, საზოგადოებრივი მაუწყებლების როგორი დაფინანსების მოდელია ამ ქვეყნებში.
რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა სხდომაზე რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა.
„სადაც არ არის რეკლამა, ის ტელევიზია არის მკვდარი“, - ბერძენიშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამას ვერავის ვერ წაართმევს.
„[კომერციული რეკლამის] დამკვეთები, რომელიც ჰყავდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ოდესღაც, რამდენ რეგიონულ მაუწყელებს წავართვით რეკლამა?. ასეთი რამ არ არსებობს“, - ამბობს ის.
მისი თქმით, განმთავსებელი, რომელიც GRP-ით ყიდულობს რეკლამას, უყურებს არა არხს, არამედ GRP-ის, თუ სად არის მისთვის პოტენციურად კარგი განსათავსებელი ადგილი.
„აქვე ჩვენ ვამბობთ, რომ პრაიმტამში საერთოდ არ გვაქვს რეკლამა. როგორ შეიძლება, რომ ვინმეს წავართვათ სარეკლამო წილი?“, - ამბობს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, რომელთაც მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა რეკლამის განთავსება, „ეს პრაქტიკა ევროპაშიც არის, მაგალითად, ისეთი მესიჯები აქვთ მისაწოდებელი, რომელიც საერთოდ არ უნდა, რომ კომერციულ ტელევიზიაში განთავსდეს. მაგალითად მფლობელებთან აქვს პრობლემა და ა.შ. ამიტომ უნდა არსებობდეს სივრცე კომერციული მხარისთვისაც, სადაც ისინი განათავსებენ რეკლამას“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, წინასწარი გათვლით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აღნიშნული ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მაქსიმუმ 2 მილიონი შემოვიდეს.
„ეს არ არის ის თანხა, რომელმაც შეიძლება, სარეკლამო ბაზარი დიდწილად დააზარალოს. ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიდეთ, საერთოდ ვერ იქნება კონკურენციაში კომერციულ ტელეკომპანიებთან, რადგან შეუძლებელია, 6 საათამდე მომუშავე მაღაზია კონკურენციაში იყოს 24-საათიან მაღაზიასთან. პრაიმტაიმში მე თუ რეკლამა არ მქონდა, როგორ უნდა გავუწიო კომერციულ ტელევიზიას კონკურენცია, არ მესმის“, - განაცხადა გვიმრაძემ.
დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით თიკო ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე სასაუბროდ საჭიროა გარკვეული ტიპის ტაქტიკა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი პრაქტიკა. თუ მეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ოდესმე სთავაზობდა დემპინგურ ფასს, კი ბატონო. დემპინგთან დაკავშირებით კიდევ ვიტყვი იმას, რომ გავიწყდებათ სამეურვეო საბჭო, რომელსაც თავისი სტანდარტები აქვს. თუ ხედავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ბაზარზე არასწორად თამაშობს, ამისთვის ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ სამეურვეო საბჭოს, ამას სხვანაირად ვერ გავაკონტროლებთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, სამეურვეო საბჭოს ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება.