Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას

17 ნოემბერი, 2017 21:40

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიციების შეჯერებას", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართვს, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გიორგი, თავს ვალდებულად მივიჩნევთ ღია წერილით რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა წარსულიდან მოყოლებული, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ჯანდაცვითი ხედვის ნაცვლად, საპოლიციო მიდგომებს ეყრდნობოდა: მომხმარებელთა დევნა, კრიმინალზაცია - პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად აღიქმებოდა. 2006 წლიდან, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებით კი, წინა ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკა სადამსჯელო პოლიტიკის დანამატად, მასობრივი ტერორისა და მოქალაქეთა მარგინალიზაციის იარაღად აქცია. აქ აღარ მოვყვებით ხსენებული პოლიტიკის უმძიმეს რეზულტატებზე, ვფიქრობთ ეს თქვენთვისაც ცხადია, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და არსებით ფაქტორზე, საზოგადოებასა და ძალოვან უწყებებს შორის გაჩენილ ღრმა ნაპრალზე, უნდობლობაზე, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი სამართალდამცავი სისტემის ძალადობრივი პრაქტიკების პირდაპირი გამოძახილია.

თეთრი ხმაურის მოძრაობა არაფორმალური სამოქალაქო ინიციატივაა, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვის, თუმცა დაარსების დღიდან, ჩვენთვის ცხადი გახლდათ, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილება, პოლიციის შინაარსობრივი ტრანსფორმაციის გარეშე, წარმოუდგენელი და ფუჭი ძალისხმევაა. ორწლიანი სამოქალაქო პროტესტის ფონზე ჩვენს თვალწინ არაერთი ადამიანის ტრაგედიამ ჩაიარა. თითქმის ყველგან, დრაკონულ კანონმდებლობასთან ერთად, ძალადობის პირველწყარო სწორედ პოლიცია და მოქალაქეთა მიმართ მათი არაჰუმანური დამოკიდებულება გახლდათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ, საზოგადოებასა და ძალოვან უწყებებს შორის არსებული უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. ლევან აბზიანიძე, დემურ სტურუა, პაატა პავლიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი - ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა სიცოცხლე საპოლიციო სისტემაში კვლავ არსებულმა ძალადობრივმა პრაქტიკებმა იმსხვერპლა. სამწუხაროდ, დღემდე, არათუ ამ პრაქტიკების აღმოფხვრისთვის იზრუნა არავინ, არამედ დღის სინათლეზე სრული სისავსით წარმოჩენილი დანაშაულისთვის, არც არავინ დასჯილა. ნაცვლად ამისა, თქვენი წინამორბედი მინისტრები პოლიციის აბსტრაქტული მუნდირის პატივისცემისკენ მოგვიწოდებდნენ, მაშინ როცა კონკრეტული თანამშრომლები პირველ რიგში თავად ლახავდნენ სამართალდამცავის ღირსებასა და სტატუსს. ამ ფონზე, მათი მოწოდებები პოლიციის პატივისცემისკენ, ირონიად და საზოგადოების დაცინვად წარმოჩინდებოდა. აქვე დავძენთ, ჩვენი თვითმიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ სისტემის გარდაქმნა, მისი გაადამიანურებაა. დღეს ქართულ საზოგადოებას სჭირდება სამართალდამცავი, რომელშიც სამართლის დამცველს და არა მოძალადე სუბიექტს დაინახავს, სამართალდამცავი, რომელიც არა მტერი, არამედ მოქალაქის მეგობარი იქნება. მიგვაჩნია, რომ უმთავრესი რეფორმა, რაც სამინისტროში უნდა გატარდეს, არის პოლიციელის ქცევისა და დამოკიდებულების ცვლილება, აგრესიის აღმოფხვრა, რომელსაც ის მოქალაქეებთან ყოველი ურთიერთობისას ავლენს. გვჯერა და პრაქტიკითაც არაერთხელ დავრწმუნებულვართ, ცვლილებების აუცილებლობას რიგითი პოლიციელებიც აცნობიერებენ, მათაც აღარ სურთ ადამიანები ზიზღის თვალით უყურებდნენ. სისტემის ჰუმანიზაციის გზით, შესაძლებლობა გაქვთ პოლიციას დაუბრუნოთ ღირსება, ბიოლოგიური მასალის დევნისა და ადამიანების ცხოვრების განადგურების ნაცვლად, კი ის ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად აქციოთ.

ბატონო მინისტრო, თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ქვეყანა ახლოს დგას ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმასთან. პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მომდევნო კვირიდან დაიწყება. შეგახსენებთ, საშემოდგომო სესიაზე ცვლილებების მიღებისკენ საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ მინისტრმაც მოუწოდა. ჩვენ არაერთხელ გვქონია ძალოვან უწყებებთან პოზიციების შეჯერების მცდელობა, თუმცა სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ამ ფონზე, იმედის მომცემი იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში 18 ოქტომბერს გამართული სამუშაო შეხვედრა, სადაც ძალოვან სტრუქტურებთან საგნობრივი დისკუსიის გამართვა პირველად შევძელით. საკომიტეტო მოსმენებამდე, მომდევნო სამუშაო შეხვედრა ხვალ, 18 ნოემბერს გაიმართება. ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიციების შეჯერებას.

და ბოლოს, ვფიქრობთ თეთრი ხმაურის მოძრაობამ არაერთხელ დაანახა ხელისუფლებას, რომ სამართლიანი წინააღმდეგობის გარდა, ყოველთვის მზადაა აიღოს სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არსებული გამოწვევების დასაძლევად. პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში, მზად ვართ ყველა შესაძლო ფორმით დავეხმაროთ საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის აღდგენის პროცესს და აქტიურად ჩავერთოთ რეფორმის ადვოკატირებაში", - ნათქვამია მოძრაობის ღია წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^