კომერციული დავების მოგვარების პროცესში სპეციალიზებული მედიატორები ჩაერთვებიან. ამისთვის სასამართლო მედიაციას 23 მედიატორი დაემატა, თუმცა ისინი სხვა ტიპის დავების გადაჭრაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას იურიდიული კომპანია CLL-ის (კომერციული დავების ლაბორატორია) პარტნიორი ალექსანდრე წულაძე განმარტავს, ბიზნესდავის მორიგებით დასრულება ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის შესაბამისი გამოცდილებისა და სპეციალიზაციის მქონე ადამიანმა წარმართოს.
სასამართლო მედიაციის პილოტური პროექტი საქართველოში 2013 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს და მისი მიზანი, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის განტვირთვა, მეორე მხრივ კი, დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის კულტურის დამკვიდრებაა. მედიაცია მხარეებს სთავაზობს, დავა საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით, სწრაფად და ორივე მხარისთვის სასარგებლოდ გადაწყვიტონ.
ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ თუ სასამართლოს ერთი დავის განხილვა საშუალოდ 5000 ლარი უჯდება, მედიაცია 1000 ლარზე ნაკლები ჯდება. ამასთან, სასამართლოს ყველა ინსტანციაში დავის დასრულებას ჯამში 4-წელი სჭირდება, ხოლო მედიაციის შემთხვევაში მხარეები მორიგებამდე საშუალოდ 2 კვირაში მიდიან.
კომერციული სამართლის ლაბორატორიის პარტნიორი იმ გამოწვევების შესახებაც საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს მედიაციის ინსტიტუტი დგას. მისი თქმით, პირველი გამოწვევა საქმეების სიმცირეა. თუ სასამართლოში 100 000-ობით საქმე შედის, მედიაციას მხოლოდ 100 საქმე გადაეცემა. თუმცა, მისივე თქმით, 2017 წელს პროექტში მხოლოდ 7 მოქმედი მედიატორი მონაწილეობდა, რომლებიც ვერც გაუმკლავდებოდნენ უფრო მეტ საქმეს. ახლა კი მედიატორთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
„2008 წლის ევროდირექტივაში მითითებულია, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკის შემმუშავებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ბალანსის დაცვა მედიაციითა და სასამართლოთი დავების გადაწყვეტას შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ბალანსი სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სამედიაციოდ გადაცემულ საქმეთა რაოდენობას შორის. ჩვენთან,რასაკვირველია, სასამართლო ბევრად მეტ დავას იხილავს. შესაბამისად, ძალიან დაბალია მორიგებით საქმეთა დამთავრების მაჩვენებელი. აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია ხელისუფლების სამივე შტოს ჩართულობა და ზრუნვა ამ პრობლემის გადასაწყვეტად“.
ერთ-ერთ გამოწვევად ალექსანდრე წულაძე საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობასაც ასახელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მედიაცია 2013 წლიდან მოქმედებს, საზოგადოება, მათ შორის, ადვოკატთა კორპუსიც, არ არის კარგად ინფორმირებული, რას სთავაზობს მათ ეს ინსტიტუტი.
„მედიაციის ინსტიტუტის მიმართ ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია , რომ სამართლის ყველა სკოლაში ისწავლებოდეს მედიაცია და მომავალ იურისტებს კარგად ესმოდეთ მისი უპირატესობები. დღეს უკვე თბილისის მასშტაბით ბევრ წამყვან სამართლის სკოლაში ისწავლება კიდეც ის.“