Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიამ გენგეგმის პროექტზე შენიშვნები გამოაქვეყნა

16 იანვარი, 2018 12:41

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე შენიშვნები გამოაქვეყნა.

არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გენგეგმის შესახებ შენიშვნები ძირითადად ეხება ზონირებას, ტრანსპორტს, მათ შორის, რკინიგზას და კულტურულ მემკვიდრეობას.  როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, „სითი ინსტიტუტმა“ ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო  დროდ თვე-ნახევარი დაასახელა.

გენგეგმის ჯგუფის წარმომადგენლის, ურბანისტ მერაბ ბოლქვაძის თქმით, რადგანაც დეტალურად ჯერ არ გასცნობიან შენიშვნებს, უფრო კონკრეტულ განმარტებებს რამდენიმე დღეში გააკეთებენ. ბოლქვაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, დასაბუთება უფრო კონკრეტული გახდეს, რადგან „ჩანს, ისინი ვერ ერკვევიან ნახაზებში“. 

„ჯერ არც კი გავცნობივართ კარგად ამ შენიშვნებს. არქიტექტურის სამსახური როგორც გვწერს, უნდა იყოს უფრო მეტი დასაბუთება. ზონირების საკითხში უნდა იყოს უფრო მეტი არგუმენტი. მათ ტრანსპორტის ნაწილშიც აქვთ შენიშვნები.  არ არის გამორიცხული, განმარტებები მივცეთ და დასაბუთება გავაღრმაოთ, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ვერ ერკვევიან ნახაზებში. ვეცდებით, გადავხედოთ ამ მასალებს, გავიაზროთ და რამდენიმე დღეში უფრო მკაფიო პოზიცია გვექნება“, - ამბობს ბოლქვაძე „ლიბერალთან“. 

არქიტექტურის სამსახურის შენიშვნები:

  • ზონირება

არ არის დასაბუთებული ფუნქციური ზონები და არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება.

ასევე, უგულელყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გათვალისწინებული პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

„შენიშვნაზე: „გათვალისწინებული იყოს არსებული სარეკრეაციო ზონები“. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის პასუხი: „შიდა კვარტული გამწვანებული ნაკვეთების ფიქსირება და გამოყოფა, მგგ-ს ჯგუფს არასწორად მიაჩნია. სამსახურის მიერ, წლების განმავლობაში დატანილი ასეთი არეალები, არასრულია და შესრულებულია ქალაქის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებში. აღნიშნული ქმნის რეალურ საშიშროებას იმის შესაძლებლობისა, რომ ის არეალები, სადაც ამგვარი გამწვანებული ნაკვეთების დატანა გამორჩენილია და არ განხორციელებულა, მომავალში გამოყენებულ იქნან სამშენებლოდ, რაც სრულიად დაუშვებელია“, - ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის განცხადებაში.

  • ტრანსპორტი

ტრანსპორტის ნაწილში დოკუმენტში არ არის რეფერენსირებული არცერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშრის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით. ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები.

  • რკინიგზა

შენიშვნებში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი რკინიგზის საკითხს. სადაც აღნიშნულია, რომ რკინიგზის საკითხზე არ უწარმოებიათ შესაბამისი კვლევა. მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ რკინიგზის სამგაზავრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და უგულებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზისა და ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას.

არქიტექტურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მაგისტრალი რკინიგზის ხაზის ნაცვლად, ხელს შეუწყობს მანქანის როლის ზრდას ქალაქში, მაგრამ შესაძლოა, ასევე მოიზიდოს საქალაქთაშორისო ნაკადები, რაც ეწინააღმდეგება თანამედროვე პრინციპებსა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციას.

 ასევე რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და საჭირო კვლევა არ არის ჩატარებული. მოყვანილი არგუმენტები არის ცალმხრივი - რკინიგზის არსებობის მხოლოდ უარყოფითი და გადატანის დადებითი მხარეები.

  • კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები

ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი,

„ხოლო დოკუმენტში წარმოდგენილი ისტორიული ძეგლების ინდივიდუალური დაცვის არეალები (ზონის გარეთ) მექანიკურადაა შემოვლებული 50მ და 150მ-ის ოფსეტით და არა რეალური რელიეფის/აღქმადობის მიხედვით“, - ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის განცხადებაში.

არქიტექტურის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გენგეგმის პროექტში შეფასებული უნდა იყოს განხილული საკითხების ეფექტიანობა, რაც მოცემულ დოკუმენტში არ იკვეთება.

„საოცარია, მეოთხე ტომი გენერალური გეგმის, მიწათსარგებლობისა და ზონირების ნაწილში ცალკე არის ამოღებული ტრანსპორტი და მერე რკინიგზაც, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რა არის ჩვენი ხედვა, როგორც ჩანს, არ წაუკითხავთ, ამდენ კითხვებს რომ სვამენ, თან ერთი და იგივე მეორდება სულ“, - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.  

ბოლქვაძემ „ლიბერალთან“ გენგემაში რკინიგზის ნაწილზეც ისაუბრა. მისი თქმით, არსებული გენგეგმის პროექტის მიხედვით, თბილისი-მცხეთა-გარდაბანის სააგლომერაციო მიმართულებაზე ე.წ. მჩატე მატარებლი, ან ჩქარი ტრამვაი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული ხაზი უნდა შენარჩუნდეს, ხოლო რკინიგზის გასწვრივ სამანქანო გზა გაკეთდეს, რაც შორეული პროექტია.

„ჩვენი ხედვა ასეთია, ჩვენ რკინიგზის არეალში  სააგლომერაციო მიმართულებაზე თბილისი-მცხეთა-გარდაბანი-რუსთავის მიმართულებით გვსურს იყოს ე.წ. მჩატე მატარებელი ან ჩქარი ტრამვაი. ამას ვფიქრობდით ჩვენ კონცეფციის დასაწყის ნაწილში და ახლაც ამას ვფიქრობთ. ეს ნიშნავს რკინიგზის ხაზის არსებობას, მის შენარჩუნებას. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან სხვა მოსაზრებებს ავრცელებენ.

ამასთან, იმავე  რკინიგზის გასწვრივ სამანქანო გზაც გვინდა არსებობდეს და ეს ცოტა შორეული პროექტია. გვსურს, მდინარე დაუბრუნდეს ქალაქს და მარცხენა სანაპიროს მნიშვნელოვანი არეალები გახდეს რეკრეაციული სივრცე. ამ შემთხვევაში მარცხენა სანაპიროს ინდივიდუალურ  ტრანსპორტს ცალკეულ მონაკვეთებში ექნება შეზღუდვა, იმისათვის, რომ საჯარო ტრანსპორტი განვითარდეს, შეიზღუდოს ინდვიდუალური ტრანსპორტი, ისინი უნდა გადანაწილდნენ ზედა ტერიტორიებზე და ამისთვის საჭირო გახლავთ ამ რკინიგზის არეალის გასწვრივ სამანქანო გზა“, -  განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

თბილისის მერიამ გენგეგმის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნების გამო „სითი ინსტიტუტი“ 145 000 ლარით დეკემბერში დააჯარიმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^