„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის, მათ შორის ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება კითხვებს აჩენს.
როგორც იურისტმა „ლიბერალს" უთხრა, EMC დაინტერესდა ამ საკითხით და გამოითხოვა დღეს სასამართლოს განჩინება იმის გასარკვევად რა არგუმენტებს ეყრდნობა მოსამართლის დასაბუთება. ისინი უახლოეს დღეებში ელოდებიან ინფორმაციას.
სოფო ვერძეულის შეფასებით, დასაბუთება მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საქმეს იმ კუთხით უნდა შევხედოთ ხომ არ იკვეთება ორმაგი სტანდარტი, როცა სხვა პირებს შედარებით უფრო მსუბუქ დანაშაულზე უფარდებენ პატიმრობას და ამ შემთხვევაში მოსამართლემ გირაო გამოიყენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საჯაროს სივრცეში ბრალდებულის სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
„პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მით უმეტეს ფიზიკური თავდასხმა და დაზიანება, ძალიან მძიმე ბრალდებას წარმოადგენს. საინტერესოა, ერთი მხრივ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რა იყო წარდგენილი სასამართლოში და მეორე მხრივ, სასამართლომ რა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ არ გამოეყენებინა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით და გირაო შეეფარდებინა.
ცხადია, მხოლოდ წარდგენილი ბრალის დანაშაულის სიმძიმე არ არის ერთადერთი საფუძველი, რომლის გამოც პატიმრობა უნდა გამოიყენოს სასამართლომ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის პატიმრობა, ვიცით, რა შემთხვევებში გამოიყენება (რა საქმეებთან დაკავშირებით იყენებს ხოლმე სასამართლო წინასწარ პატიმრობას), ჩვენთვისაც ბევრი კითხვა გააჩინა იმან, რომ ასეთ მძიმე საქმეზე, სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს გირაო შეუფარდეს“, - ამბობს სოფო ვერძეული.
იურისტი აღნიშნავს, რომ EMC ყურადღბით დააკვირდება ამ საქმეს გამოძიების ყველა ეტაპზე.
გუშინ კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
„ბასიანის" წარმომადგენლის, ნაჯა ორაშვილის თქმით, ბრალდებულმა დაცვის წევრები, კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარის გამო, დაჭრა.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.