„უბრალოდ მოხდა კამათი, როდესაც ის არ შეუშვეს კლუბში და ამას მოჰყვა გაუგებრობა. არაფერი სერიოზული არ მომხდარა, დანის წართმევის დროს მიიღო დაზიანება რამდენიმე თანამშრომელემა" - ამბობს თამაზ ქვლივიძის ადვოკატი ზაზა მესხი „ლიბერალთან" საუბარში.
თამაზ ქვლივიძე კლუბ „ბასიანის“ ორი თანამშრომლისა და ერთი პოლიციელის დაჭრაშია ბრალდებული. გუშინ ის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოთი აღკვეთის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გირაო, რომელიც გადაიხადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არის ის შემაკავებელი ღონისძიება, რომ ის არ დაემალება გამოძიებას". - ამბობს ადვოკატი, მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება „რათა საქმეზე გაირკვეს გარემოებები და დადგინდეს სიმართლე, რაც იყო სინამდვილეში. ხოლო ყველა ის კომენტარი, რაც კეთდება მასმედიაში, არის სასამართოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითი".
მისი თქით, „ალბათ, იმ კლუბის მეპატრონეებს მართლა ჰყავთ გავლენიანი ხალხი და უნდათ იმ სიმართლის დამალვა, რაც ხდება აღნიშნულ კლუბში და უნდათ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალონ". შეკითხვაზე, თუ რა „სიმართლეს" გულისხმობს იგი, ზაზა მესხი პასუხობს, რომ „რაღაც-რაღაც ეჭვები აქვს", თუმცა „იურისტია, და ეჭვების დონეზე ვერ ისაუბრებს".
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტსაა ჩანიშნული. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და პროცესი ხვალ, 12 საათზე გაიმართება.
თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ის გირაოთი გაათავისუფლა.
შსს „ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელის საქმეზე: არ დავუშვებთ თავდამსხმელის დაუსჯელობას
ვერძეული: „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება კითხვებს აჩენს