Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესტორანში 4 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

20 იანვარი, 2018 12:21

თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მომღერალს, რომელიც რესტორან „აღაში“ 4 ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული. დაცვის მხარე საბა სამუშიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

მომღერლის განცხადებით, რესტორანში მომხდარ ჩხუბში 80-მდე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, საქმეში ორი დანა ფიგურირებს.

„არ ვიცით, ვინ დაჭრა და რამდენი დაჭრა, მაგრამ თავის დაცვის მიზნით, ის აქნევდა დანას, ამას აღიარებს. საქმეში მეორე დანაც ფიგურირებს", - თქვა ადვოკატმა, ირმა შალამბერიძემ.

სამუშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი. 

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 მუხლი 239. ხულიგნობა

1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;

გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^