Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზეთისხილის რტო და ნადირობა მგლებზე - ბრძოლა თურქეთსა და ქურთებს შორის

25 იანვარი, 2018 13:23

სირიაში, აფრინის რეგიონში ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთსა და ქურთებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. წუხელ თურქეთის სასაზღვრო ქალაქ კილისში სირიიდან ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა ჩამოვარდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. წუხელვე თურქეთის ავიაციამ და არტილერიამ განაახლა აფრინის დაბომბვა. აფრინის კრიზისზე მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივანს რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის. სამხედრო მოქმედებები დაგმო გაერომ.

დაპირისპირება შაბათს დაიწყო, როცა თურქეთმა სირიაში ჯარი შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია - „ზეთისხილის რტო“ დაიწყო. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ აფრინის რეგიონში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება თურქეთის ავიაცია, არტილერია, სახმელეთო ჯარები და მის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეები. ხოლო ქურთმა მებრძოლებმა რეგიონის დაცვისთვის ბრძოლას „მგლებზე ნადირობა“ დაარქვეს. დაპირისპირებიდან სამ დღეში საბრძოლო მოქმედებებს უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის თურქი სამხედროებიც.

რატომ გახდნენ სირიელი ქურთები თურქეთის სამიზნე?

ანკარაში „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ (YPG) მებრძოლებს ტერორისტებად მიიჩნევენ. ამიტომ სირიაში მათ განადგურებას ისახავენ მიზნად. თურქეთმა სირიის ქალაქ აფრინიდან და მანბიჯიდან ქურთების განდევნა რამდენჯერმე აქამდეც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ყველა დაპირისპირება საბრძოლო მოქმედებებამდე შეწყდა ან მცირე შეტაკებით შემოიფარგლა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ YPG და „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) ახლო მოკავშირეები არიან. ეს მოძრაობა კი თურქეთში ქურთულ ავტონომიას 1984 წლის შემდეგ ითხოვს. ამიტომ მათთვის სირიაში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლა თურქეთის ტერიტორიაზე სეპარატიზმის განეიტრალებას ნიშნავს. არადა, „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირი“ თურქების მტკიცებას PKK-ს მოკავშირეობის შესახებ უარყოფს, ამ ბრალდებას ეწინააღმდეგება აშშ-ც, სირიელი ქურთების მთავარი მოკავშირე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

დღეს სირიაში ამერიკის მთავარი დასაყრდენი ძალა სწორედ ქურთული ჯარია, რომელმაც არაბულ დანაყოფებთან ერთად „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) დროშის ქვეშ „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. გაათავისუფლა ტერორისტების დედაქალაქად წოდებული რაქა და სირიის ათასობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

მაგრამ თურქეთისთვის ამერიკის ფაქტორი არ იყო საკმარისი, რომ მის საზღვრებთან ქურთული რესპუბლიკის ჩანასახს შეგუებოდა. ანკარა SDF-ის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც ქურთებმა 2016 წლის აგვისტოში მოკავშირეებთან ერთად ისლამისტი მებრძოლებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მანბიჯი.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი თურქეთთან ახლოს, ევფრატის დასავლეთით მდებარეობს და მეტწილად ეთნიკურად არაბებით არის დასახლებული. ISIS-გან გათავისუფლების შემდეგ ის ქურთების და „სირიის დემოკრატიული ძალების“ კონტროლქვეშ მოექცა.

თურქეთმა მოითხოვა, რომ მანბიჯი ქურთებს დაეტოვებინათ და ევფრატის აღმოსავლეთით დაბრუნებულიყვნენ. საბოლოოდ 2016 წელს დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ ქალაქზე კონტროლი „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ შეინარჩუნეს, ოღონდ ქურთმა მებრძოლებმა პირობა დადეს რომ ევფრატის აღმოსავლეთით განლაგდებოდნენ. თურქეთი დღესაც ამტკიცებს, რომ მათ ეს პირობა არ შეუსრულებიათ.

მანბიჯის დაკავების საპასუხოდ, თურქეთმა 2016 წელს პირველად შეიყვანა საკუთარი ჯარი სირიაში და მეამბოხეებთან ერთად „ისლამურ სახელმწიფოს“ ის ტერიტორია დაათმობინა, რომელიც მანბიჯსა და აფრინს აკავშირებს. ამით თურქეთმა გზა მოუჭრა „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ და ქურთებს მის მთელ საზღვარზე განლაგების უფლება არ მისცა.

თურქეთისთვის ამ ტერიტორიების დაკავება დამაკმაყოფილებელი არ იყო. ანკარაში ოფიციალური პირები საუბრობენ, რომ მათი მიზანია ქურთები აფრინიდან და მანბიჯიდან განდევნონ და საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონა შექმნან. 

რა მოხდა ახლა?

დაპირისპირებამდე 13 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ ქურთი მეომრების გადამზადება დაიწყო. 30 000-მდე მებრძოლისგან აშშ სასაზღვრო დანაყოფების დაკომპლექტებას გეგმავდა, რომელსაც ერთი მხრივ თურქეთისა და ერაყის საზღვარი უნდა დაეცვა, მეორე მხრივ კი დაეცვა საკუთარი ტერიტორია სირიაში ისლამისტებისგან, თუ ისინი მდინარე ევფრატის გადალახვას შეეცდებოდნენ.

ამ ინფორმაციამ თურქეთის პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია. ერდოღანის თქმით, აშშ-მ სირიაში ტერორისტთა არმიის მომზადება დაიწყო.

აშშ-ის ეს მოქმედება გააკრიტიკა სირიის ხელისუფლებამაც. ასადი ცდილობს ქურთებთან კონფლიქტისთვის თავის არიდებას, მაგრამ გადაწყვეტილება ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნია. სირიის დაშლისკენ სწრაფვად შეაფასა ქურთების სასაზღვრო დანაყოფების შექმნის იდეა ასადის მოკავშირე რუსეთმაც. 

თურქეთმა მალევე დაიწყო სამხედრო დანაყოფების მობილიზება სირიის საზღვარზე. აფრინში მყოფმა რუსმა სამხედროებმა და დამკვირვებლებმა, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის იყვნენ გალნაგებული, აფრინი დატოვეს. როგორც აფრინში აცხადებდნენ, თურქეთის ხელისუფლებას რუსეთმა და ასადის მთავრობამ ანკარას აფრინის ოპერაციისთვის მწვანე შუქი აუნთო.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცები და სირიელი მეამბოხეები „ტერორისტთა ბუდეს“ მალე მოშლიდნენ, მის ნგრევას კი აფრინიდან დაიწყებდნენ.

თურქულმა ავიაციამ აფრინის არეალის დაბობმბვა 20 იანვარს ღამით დაიწყო. მომდევნო დღეებში ოპერაციაში ჩაერთვნენ სახმელეთო ჯარებიც. 

რა დევს სასწორზე აფრინში?

აფრინი მეტწილად ქურთებით დასახლებული რეგიონია, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ანკარაში მიიჩნევენ, რომ იქიდან „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ წევრებს აფინანსებენ და ეხმარებიან თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოძრაობა კი თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი.

ანკარაში აფრინს საფრთხედ მიიჩნევენ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებისთვისაც, რომელიც მანბიჯსა და ამ რეგიონს ყოფს. ხოლო აფრინის დაკავებით თურქეთი 200 კილომეტრის სიგრძის უსაფრთხო საზღვარს შეიქმნის.

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები თუ რამდენი ქურთი ჯარისკაცია აფრინში, თუმცა თურქული წყაროების მიხედვით, იქ 8 000-დან 10 000-მდე მებრძოლია. რეგიონის მცხოვრებთა რაოდენობა კი მილიონამდე აღწევს.

აფრინის რეგიონი მნიშვნელოვანია ქურთებისთვისაც, აქ არის ყველაზე მჭიდრო ქურთული დასახლებები და უსაფრთხო გარემო სირიის ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის თურქეთმა მის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებთან ერთად შეძლო რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის და დასახლების დაკავება. მაგრამ მნიშვნელოვანი უპირატესობა ჯერ ვერ მოიპოვა.

საინტერესოა, აფრინთან ერთად შეიჭრება თუ არა თურქეთი ქალაქ მანბიჯის დასაკავებლად, სადაც გასულ წელს ქურთ მებძოლებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იყვენენ.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^