ნიკო გომელაურის სკულპტურა ვანდალურად არის დაზიანებული, სავარაუდოდ, გალერეა თბილისის მშენებლობის დროს.
„ლიბერალი“ სკულპტურის ავტორს როკო ირემაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სკულპტურა იმდენად დაზიანებულია, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება, „ბარგალკით“ მოჭრილი აქვს გვერდები, ბეტონის ფენაც ეტყობა.
„ეტყობა ბეტონიც მოზილეს ზემოდან, არ ვიცი. დეტალები დაკარგულია, ფაქტობრივად დაღეჭილია ამხელა რკინის მასა... რაც შეიძლებოდა ექნათ, ყველაფერი უქნეს“, - ამბობს ირემაშვილი.
მისი თქმით, მერიაში სკულპტურის ბედი რამდენჯერმე მოიკითხა.
„მე არ ვიყავი საქართველოში და ჩემმა მეგობარმა მითხრა დეკემბერში, რომ მგონი, აღარ დგას სკულპტურაო. შემდეგ მივწერე მერიის ადმინისტრაციას და ვკითხე. ისინი საქმის კურსში საერთოდ არ იყვნენ. შემდეგ ჩემოვედი, ვნახე, სკულპტურა არ იყო. მერიაში კიდევ მოვიძიე, არ იცოდნენ, სად იყო სკულპტურა. დამაწერინეს განცხადება და დაიწყეს ძებნა, თუ სად იყო სკულპტურა.
ეს იყო მუნიციპალური საკუთრება, მუნიციპალური დაკვეთით გაკეთებული. ფაქტობრივად, მერიის საკუთრებას ვიღაცამ დაუკითხავად რა უქნა, არ ვიცი“, - ამბობს ირემაშვილი.
მისი თქმით, შემდეგ მას დაუკავშირდა თეატრის ხელმძღვანელობა და უთხრეს, რომ სურდათ საკუთარი ხარჯით აღედგინათ სკულპტურა. „შემდეგ მანახეს ეს დაზიანებული სკულპტურა, თუ შეგიძლია აღადგინოო“.
მისი თქმით, ამ ადგილზე გალერეა თბილისის კომპლექსი შენდებოდა, ნიკო გომელაურის სკვერი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
სკულპტურა 2014 წელს მერიის არქტიტექტურის სამსახურის იცინიატივით გააკეთეს.