Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: 2017 წელს საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი მცირედით გაუარესდა

22 თებერვალი, 2018 12:11

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ 2017 წელს საქართველოს ერთქულიანი კლება აქვს და მისი პოზიცია შარშანდელთან შედარებით რეიტინგში გაუარესდა. ამის მიუხედავად, ქვეყნის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით, ჯერჯერობით, საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საქართველოს 56 ქულა აქვს და 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილს იკავებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად ერთქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა, ხოლო 2017 წელს გაუარესება მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს გამოწვევები ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ, ძირითადად, მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება. რასაც ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის ნაკლებობა იწვევს.

„ამ მხრივ, აღსანიშნავია, პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო ხელისუფლების არაეფექტიანობა და სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავდროულად,  მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე უკანასკნელ წლებში პასუხგაუცემელი კითხვები მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნას ეჭვქვეშ აყენებს.“ - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ანტიკორუფციული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი დამოუკიდებელი სააგენტოების გაძლიერება, როგორებიცაა მაგალითად სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შესყიდვების სააგენტო და სხვ.

„მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მსგავსად,  სხვა ისეთი სამსახურების ეფექტიანობაც გაიზარდოს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებენ.“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები. გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტიანი მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს.“ - წერს ორგანიზაცია და ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტიანი გამიჯვნა და დაიწყოს სხვა საჭირო მოქმედებები ანტიკორუფციული კუთხით.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 25-ედ ქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.

2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2017 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია ახალ ზელანდიასა და დანიაში (89 და 88 ქულა ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (9 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სირიაში (14 ქულა).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^