Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა შეითავსოს თუ არა გარემოს სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ფუნქცია

26 თებერვალი, 2018 14:24

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ცვლილებები შედის. პროექტის თანახმად, დეპარტამენტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ნებართვას გასცემს, სამინისტროს სისტემაში შემავალ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უნდა გადავიდეს, რაც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, „აბსურდულია, რადგან სააგენტოს სრულიად სხვა მისია აკისრია“.

ცვლილებებზე საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ ვებგვერდზე 20 თებერვალს გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის საჯარო განხილვა 27 თებერვალს არის ჩანიშნული. იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის უწყება მზად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესასრულებლად, „ლიბერალი“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ერთი კვირის წინ, 20 თებერვალს დაუკავშირდა. სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს საკითხის ძირფესვიანად შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

საგულისხმოა, რომ, როცა სამინისტრომ ცვლილებები დააანონსა, სააგენტოს, რომელმაც კანონპროექტით ახალი ვალდებულებები უნდა შეითავსოს, ახალი ვალდებულებების შესახებ პროექტი ძირფესვიანად შესწავლილი არ ჰქონდა.

„ლიბერალი“ სააგენტოს კომენტარისთვის მეორედ 26 თებერვალს დაუკავშირდა. პრესსამსახურში ამჯერად გვითხრეს, რომ კომენტარს მხოლოდ საჯარო განხილვის შემდეგ გააკეთებენ.

რა ცვლილებები შედის კანონში

გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების თანახმად, მის საქმიანობებში შედის შესაბამისი ნებართვის გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის ორგანიზება და დასკვნის შედგენა.

რაც შეეხება გარემოს ეროვნულ სააგენტოს, იგი სამინისტროს სსიპ-ია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიურ, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ პროცესებს აკვირდება და შესაბამის მონაცემთა ბაზებს ქმნის.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში გატარებული ცვლილებების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ახალი ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ესაჭიროება, რადგან 1 ივლისიდან მას მოუწევს როგორც გზშ-ს დოკუმენტებზე მსჯელობა, ასევე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სშგ) პროცედურების განხორციელება და სგშ-ს დასკვნების გაცემა.

პროექტში ნათქვამია, რომ დღეს არსებული პრაქტიკით, ნებართვების დეპარტამენტი გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი ექსპერტების ცოდნა-გამოცდილებას იყენებს და საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებაში დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი ექსპერტებიც მონაწილეობენ. სამინისტროში მიირჩევენ, რომ დეპარტამენტის გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანით პროცესის ადმინისტრირება გამარტივდება.

აქვე ვკითხულობთ, რომ ცვლილების მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც „მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნესპროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ”.

რა რისკს ხედავს „მწვანე ალტერნატივა“

„როგორც სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შესახებ უცბად მიღებული გადაწყვეტილება იყო ვიღაცის ინტერესებზე მორგებული, ესეც ასეთივე დონის რესტრუქტურიზაციაა“ - ასე აფასებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ცვლილებების პროექტს.

„ეს აბსურდულია, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო სრულიად სხვა ფუნქციის მატარებელია - ის გარემოს მდგომარეობაზე დამკვირვებელი, მონიტორინგის მაწარმოემელი უწყებაა, რომელიც ამინდსა და დაბინძურების საერთო დონეს ამოწმებს. ეს იგივეა, კბილის კლინიკას გულის ოპერაცია დაავალო“ - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტიც, რადგან „გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ექსპერტების რანგში ხშირად მონაწილეობენ კერძო კომპანიების გზშ-ის ანგარიშების მომზადებაში, ასევე, სააგენტოს ფუნქციებში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მომზადებაც შედის".

„ასეთი სისტემა არსად არ არის, რომ ორგანო, რომლის ფუნქციაც არის გარემოს მონიტორინგი, მდგომარეობაზე დაკვირვება, ამავდროულად იყოს ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. ასეთი სისტემა არსად არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს“ - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ 27 თებერვალს ჩანიშნული საჯარო განხილვა 20 თებერვალს დაანონსდა, პროცესში საზოგადოების რეალური მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე კი ამბობს, რომ სამინისტრო ნაჩქარევად ცდილობს იმ ცვლილებების მიღებას, რაც კანონის ძალაში შესვლამდე უნდა მოეგვარებინათ.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა  2017 წლის 1 ივნისს მიიღო, მაგრამ ის უფრო გვიან, 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. სამინისტროს მთელი შვიდი თვე ჰქონდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო როგორც ინსტიტუციურად, ისე რესურსების თვალსაზრისით, რათა 1 იანვარს კოდექსის ამოქმედებას ხელი არ შეშლოდა. ეს დრო ისე გავიდა, კაციშვილმა არ გაანძრია თითი და ახლა, 2018 წლის თებერვლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე სამინისტრო არ არის მზად, შეასრულოს კოდექსის მოთხოვნები?! ახლა უნდათ, ყველაფერი შეცვალონ?! ნუთუ შეუძლებელი იყო ამჟამად წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მოცემული პრობლემების პროგნოზი?!  რა თქმა უნდა - არა. ეს პრობლემები აქამდეც იდგა და სამინისტროს შეეძლო, ამოქმედებამდე ეზრუნა მოეგვარებაზე. ასევე გაუგებარია, რატომ გადაწყდა ტექნიკური და ადამიანური რესურსების სიმწირესთან დაკავშირებული პრობლემების მაინც და მაინც  ამ გზით გადაჭრა? -  სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული ნებართვების გამცემი დანაყოფის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მიერთება?  რატომ ხდება ისეთი ფუნქციების დელეგირება სსიპ-ზე, რაც თავად სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რატომ არ იყო განხილული პრომლემის მოგვარების სხვა გზები?!“ - ამბობს გუჯარაიძე. 

კანონპროექტის განხილვა ხვალ 27 თებერვალს, 15 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში, მარშალ გელოვანის #6-ში გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^