Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი ბოლნისსა და დმანისში

26 თებერვალი, 2018 16:42

„ადგილზე აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია RMG-ის საკუთრებაში მყოფი კაზრეთის პოლიმეტალური სამთომომპოვებელი საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება“, - ამის შესახებ აღნიშნულია პუბლიკაციაში - „ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან“. კვლევა მოიცავს ნიადაგებისა და წყლების მძიმე მეტალებით დაბინძურების ანალიზს.

RMG-ის მმართველობის ქვეშ არსებული საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, ტოქსიკური ლითონებით გარემოს ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს. ათეულობით კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას საკმაოდ აღემატება.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2010-2015 წლებში წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა მდინარეების მაშავერასა და კაზრეთულას მძიმე მეტალებით: თუთიით, კადმიუმითა და რკინით დაბინძურების მაღალი ხარისხი.

„[2017 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად კი] მდინარე მაშავერაში მდინარე კაზრეთულას შეერთებიდან 6 კმ-ში სოფელ აკაურთასთან ივლისში დაფიქსირდა კადმიუმის 2.5-ჯერ გადაჭარბება ზდკ-ზე, ოქტომბრის თვეში კი, რკინის შემცველობა ამავე ადგილას აღებულ სინჯში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება 3-ჯერ, თუთია 1.2-ჯერ და კადმიუმი 4.5-ჯერ.

მდინარე მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 17 კმ-ში, სოფელ რაჭისუბანთან,  ოქტომბერში რკინა 1.6-ჯერ და კადმიუმი 3.5-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

 რაც შეეხება მდინარე კაზრეთულაში მაშავერასთან შეერთებამდე აღებულ სინჯებს, კვლევების შედეგად ივლისში დაფიქსირდა მანგანუმის შემცველობის 21.67-ჯერ გადაჭარბება, ხოლო ოქტომბერში – სპილენძის 1.8-ჯერ, ტყვიის 2-ჯერ, თუთიის 2.5-ჯერ, მანგანუმის 5-ჯერ, რკინის 5.9-ჯერ და კადმიუმის 3.5-ჯერ გადაჭარბება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა წყლის სინჯებისა, კვლევა ჩატარდა ნიადაგების საწარმოო დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად.

ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების 21 სოფელში აიღეს 42 სინჯი და, დამატებით, მდინარე ფოლადაურის ერთ-ერთი მარცხენა შენაკადის ფსკერზე - 1 სინჯი.

ანალიზი ჩატარდა შემდეგ მძიმე ლითონებზე: სპილენძზე (Cu), მანგანუმზე (Mn), თუთიაზე (Zn), კადმიუმსა (Cd) და ტყვიაზე (Pb).

„მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სპილენძი მომატებულია ნახიდურში, აბულბუქის ტერიტორიაზე, კაზრეთსა და ბალიჭში.  მანგანუმი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით მომატებულია სოფლებში – ნახიდურში, მუშევანში, რატევანში, ვარდისუბანში, ბალიჭის ჭალებში, ფოცხვერიანში, ტანძიაში, კაზრეთში, ბალიჭის შესასვლელთან და მის ზემოუბანში.

კადმიუმის მატება განსაკუთრებით სოფელ რატევანში აღინიშნა, მისმა შემცველობამ ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას ასევე გადააჭარმა მწყნეთში, ტანძიაში, კაზრეთში, აკაურთასა და გომარეთში. სოფელ ბალიჭში ყველაზე მეტად კადმიუმი ჭალების ტერიტორიაზეა მომატებული, რომელსაც მოსდევს შუაუბნისა და სოფლის შესასვლელის ტერიტორიები.

თუთია ძალზე მომატებულია და თითქმის 2010 წლის ნიშნულს უტოლდება აბულბუქისა და რატევნის ტერიტორიაზე. ხოლო ბალიჭის ჭალებსა და ქვემო ბოლნისის მდინარის ფსკერზე აღებულ ნიმუშებში მისი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება პირველ შემთხვევაში 219 ერთეულით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 15 ერთეულით.

საგანგაშოა თუთიის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება სოფლებში: ბალიჭი, აბულბუქი და რატევანი. ბალიჭი და აბულბუქი ყველაზე ახლოსაა საყდრისის საბადოსთან. ამ სოფლების სავარგულები ჰაერით ბინძურდება კარიერზე მიმდინარე ინტენსიური აფეთქებების შედეგად. ის, რომ თუთიის კონცენტრაცია ზედაპირზე 10-ჯერ აღემატება ზდკ-ს, ნიშნავს, რომ სინჯების აღებამდე რამდენიმე დღით ადრე აფეთქებების სიმძლავრე ბევრად აღემატებოდა დასაშვებს (არსებობს ნორმა აფეთქების მუხტის სიმძლავრესთან დაკავშირებით). რაც შეეხება რატევანს, რომელიც ცოტა მოშორებითაა, მაგრამ ბინძურდება როგორც ჰაერით, ასევე წყლით, საწინააღმდეგო სურათია დაფიქსირებული: რატევნის ნიადაგის სიღრმეში თუთიის კონცენტრაცია 1000 მგ/კგ-ზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშავერას წყლით მორწყვამ თუთიის დიდი ნაწილის სიღრმეში მიგრაციას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება ტყვიას, მისი კონცენტრაცია მომატებულია საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლებში: ვარდისუბანი, მამიშლო, პატარა დმანისი, აბულბუქი, ბალიჭის ჭალები, ბალიჭის შესასვლელთან, ბალიჭის შუაუბანი, ბალიჭის ზედაუბანი, ტანძია, დარბაზი, ფოცხვერიანი, კაზრეთი, ფოლადაურის შენაკადის ფსკერი“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

მძიმე მეტალების ზეგავლენა გარემოსა და ადამიანზე

კადმიუმი

კადმიუმის მაღალი დონის შემცველობის რისკს წარმოადგენს ისეთი ადგილები, სადაც სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ ან ამუშავებენ. ამ დროს კადმიუმი გამოიყოფა ჰაერში, რაც ძალზე საზიანოა ადამიანის ფილტვებისთვის სა შესაძლოა, ადამიანისთვის მომაკვდინებელი იყოს. კადმიუმი გროვდება ადამიანის თირკმელებშიც, რაც ხელს უწყობს თირკმლის მიერ ორგანიზმის გაწმენდის ფუნქციის მოშლას. ეს, თავის მხრივ, ორგანიზმისთვის აუცილებელი პროტეინებისა და შაქრის განდევნას იწვევს. ადამიანის ორგანიზმიდან დაგროვილი კადმიუმის გაძევებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

ორგანიზმში მოხვედრისას კადმიუმი აზიანებს ფილტვებს, თირკმელებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა და ძვლოვან სისტემებს. იწვევს: დიარეას, მუცლის ტკივილს და ღებინებას, ძვლების მოტეხილობას, რეპროდუქციული უნარის დაქვეითებას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ზოგადად კი აზიანებს იმუნურ სისტემას და დნმ-ს. ხელს უწყობს კიბოსა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარებას.

ტყვია

ნიადაგებში ტყვია შეიძლება აღმოჩნდეს საგზაო მაგისტრალებთან ახლოს, კარიერების მიმდებარე ტერიტორიებზე ან თუნდაც სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებში. ის შეიძლება მოხვდეს პესტიციდების გამოყენების შემთხვევაშიც. ტყვია ძალზე საშიში მეტალია, რადგანაც გროვდება როგორც ცოცხალ ორგანიზმებში, ასევე ყველა სახის კვების პროდუქტებში

ტყვია ადამიანისთვისაც სახიფათოა. ადამიანის ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს საკვებიდან, წყლიდან ან ჰაერიდან.

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია აზიანებს: ნერვულ, რეპროდუქციულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ტვინს, თირკმელებს. იწვევს: ჰიპერტენზიას, ზრდის შენელებას, ენცეფალოპათიას, მუცლის ტკივილს, ჰორმონალური დარღვევებს, ანემიას და ა.შ. ხელს უწყობს კიბოსა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარებას.

სპილენძი

ორგანიზმში სპილენძის გადაჭარბებული რაოდენობით კონცენტრაცია აზიანებს: ღვიძლს, თირკმელებს, რეპროდუქციულ, ნერვულ, კუნთოვან და ენდოკრინულ სისტემას, სასუნთქ ორგანოებს. იწვევს: ჰალუცინაციებს, მეხსიერების დაქვეითებას, კუნთების სისუსტეს, თავის ტკივილს, დაღლილობას, უძილობას და ა.შ. ხელს უწყობას შიზოფრენიის, პარკინსონისა და პნევმონიის განვითარებას.

მანგანუმი

ორგანიზმში მანგანუმის გადაჭარბებული რაოდენობით კონცენტრაცია აზიანებს: ღვიძლს, თირკმელებს, რეპროდუქციულ, ნერვულ, კუნთოვან და ენდოკრინულ სისტემას, სასუნთქ ორგანოებს. იწვევს: ჰალუცინაციებს, მეხსიერების დაქვეითებას,კუნთების სისუსტეს, თავის ტკივილს, დაღლილობას, უძილობას და ა.შ. ხელს უწყობას შიზოფრენიის, პარკინსონისა და პნევმონიის განვითარებას.

„2015 წელს წარმოებული კვლევების შედეგად ზემოჩამოთვლილ მძიმე ლითონების ათვისების მიმართ მგრძნოებიარე პროდუქტები გამოვლინდა, ესენია: ქინძი, კამა, ნიახური, რეჰანი (შაშკვლავი), ოხრახუში, მხალი (ამარანდა), სალათის ფურცლები, ისპანახი, მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი, მწვანე ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, ახალი კარტოფილი, შაქრის ჭარხალი, კომბოსტო, ყაბაყი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, რძე და რძის პროდუქტები. კვლევისას ასევე გამოვლინდა პროდუქტი, რომელიც მძიმე ლითონებს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვისებს, ესენია: კიტრი, პომიდორი, ხმელი ლობიო, სიმინდის მარცვალი, ხორბლის მარცვალი, ზრდასრული კარტოფილი, მინდვრის ქამა სოკო, ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, თუთა, ალუჩა, მწვანე კაკალი, ნიგოზი, შინდი, წითელი ბალი და ა.შ.“, - აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

უელბეკი: ქალების სიტყვის თავისუფლებისთვი ...

ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოშია. მან შაბათს ჟურნალისტების პრესკოფერენცია გამართა სადაც დასმულ კითხვებს უპასუ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ჩრდილო კორეაში ყოველწლიური ანტიამერიკული ...

აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის გამო, ჩრდილო კორეაში გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ღონისძი ...
25 ივნისი
25 ივნისი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიურ ...

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნ ...
^