ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით, 8 მარტის აღსანიშნავად ფემინისტური ტური მოეწყო. ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად - ასე ერქვა მსვლელობას, რომელმაც თბილისის 5 ლოკაცია მოიცვა.
ჯგუფის წევრებმა ნინო ტყეშელაშვილის, კატო მიქელაძის, ნინო ყიფიანის, ბაბილინა ხოსიტაშვილის და ეკატერინე გაბაშვილის ფემინისტური ტექსტები წაიკითხეს.
ნინო ტყეშელაშვილმა - სუფრაჟისტი, “კავკასიელ ქალთა საზოგადოების” წევრი - მან 1917 წელს გამართულ საგანგებო სხდომაზე წამოთქვა საჯარო სიტყვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე.
„გავიგეთ, რომ რაიონული არჩევნები იყო ქართულ გიმნაზიაში. იქ წავედით მე და ჩემი ამხანაგი, მხოლოდ დაგვაგვიანდა. ყველა პარტიების წარმომადგენელთ ელაპარაკნა, თავმჯდომარე მენშევიკი აპირებდა თავის სიის წაკითხვას. შესდგა ფეხი ესტრადაზე, მე კალთაზე დავსწიე და ჩამოვიყავნე. “რა გნებავს” - შემეკითხა. “მინდა ვილაპარაკო” -ვუპასუხე მე. “მე სიას წავიკითხავ, შემდეგ თქვენ ილაპრაკეთო” სთქვა რა ეს, დააპირა ასვლა, მე კიდევ დაბლა ჩამოვიყვანე. ამხანაგმა შემაჩერა: “დეე წაიკითხოს, მერმე ჩვენ ვილაპარაკოთო”.
თავმჯდომარემ წაიკითხა სია. ოც კაცში მხოლოდ ერთი ქალი ერია. ილაპარაკა ჩემმა ამხანაგმა, მერმე მე. გაბრაზებულმა ასე დავიწყე: “მე მჭერმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს ვერიდები, მაგრამ თქვენ იმისთანა უსამართლობა ჩაიდინეთ, რომ ქვასაც ენას ამოადგმევინებთ, ქალი არა თუ შვილს ზრდის, ოჯახს უვლის, საზოგადოებასაც ემსახურება… ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ ქალის დაუხმარებლათ. თქვენ ოც კაცში ერთი ქალი აგირჩევიათ. ესაა თქვენი სამართალი?” ჩემმა სიტყვამ დიდი აურზაური გამოიწვია. “ჩვენ პარტიაში მომზადებული ქალი მეტი ვერ ვნახეთ” ეს ნავთის დასხმა იყო ცეცხლზე. ხალხი აღელდა. აქ ცოტა ხანს შეწყვიტეს კრება. გამართეს ჩემთან მოლაპარაკება. მთხოვეს ერთი ქალი დამესახელებია. მე მინდოდა ხუთი გამეყვანა და რადგან მე არ დავთანხმდი, მათ სიაში ერთი მენშევიჩქა შეიყვანეს და ხუთი კაცი თან მიაყოლეს. მეც გაწბილებული წამოვედი”.
კატო მიქელაძე - სუფრაჟისტი, გაზეთ “ხმა ქართველი ქალისა” დამაარსებელი - 1917 წლის 19 ნოემბერს, მაშინდელ ‘სახაზინო თეატრში’ გაიმართა ეროვნული ყროლობა, სადაც ფემინისტ კატო მიქელაძეს სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მიეცა. შემდგომში კატომ თავისი სიტყვა წერილად გამოაქვეყნა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, რომელ მისი თაოსნობით იბეჭდებოდა 1917-18 წლებში.
აღტაცებული იმ დიდი საისტორიო ნაბიჯით, რომელიც დღეს აქ გადადგეს საქართველოსათვის მებრძოლმა მამულიშვილებმა, მე, როგორც წარმომადგენელს ქუთაისის ინტერპარტიული ორგანიზაციისას, ვალად დამდვეს იმ დროს, როცა ირკვევა ფორმა და საძირკველი ჩვენი ეროვნული ცხოვრებისა, გარდავსცე ეროვნულ ყრილობას გულის თქმა და ზრახვანი ქართველი ქალებისა, რომ განახლებულმა საქართველომ ერთხელ და სამუდამოთ მოსპოს ბარბაროსული ნაშთი ქალთა მონობისა.
საქართველოს მოქალაქენო! ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა. თქვენ, რომელნიც ებრძვით ძალმომრეობას, იმ ძალმომრეობას, რომელმაც პირველად დედაკაცის ადამიანური პიროვნება დაამონავა, ჩვენ, ქართველი ქალები, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ საქართველოს განახლებულ ეროვნულ შენობაში ამ სიავეს და უსამართლობას არ შეიტანთ.
ორგვარმა აღზრდამ, ორგვარმა სამართალმა და ზნეობამ იმდენათ განასხვავა ორთავე სქესის ცხოვრება და ადამიანობა, რომ ბუნებრივათ თავი უნდა ეჩინა იმ ანტაგონიზმს მათ შორის, რომელიც მოწინავე ქვეყნების ქალთა მოძრაობამ დაგვანახა. მართალია, არც რუსეთში და არც საქართველოში სქესთა დამოკიდებულება ასეთ სიმწვავემდე არ მისულა, მაგრამ არა მისთვის, რომ იქაც და აქაც ქალები არ ვყოფილიყავით დაინტერესებული ჩვენ ადამიანურ უფლებაზე, არამედ მისთვის, რომ ქალები იბრძოდენ, განსაკუთრებით რუსეთში, თავიანთ ძმებთან ერთად, იმ სულთამხუთავი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველას ერთნაირად სულს გვიხუთავდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის თავისუფლება ნამდვილ, რეალურ სახეს მიიღებდა და ძმებთან ერთად დებიც პიროვნული და მოქალაქური უფლებით შეიმოსებოდა. "
ეკატერინე გაბაშვილი - ფემინისტი მწერალი, განმანათლებელი - რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა ეკატერინე გაბაშვილის სახლი-სასწავლებელი. მე-19 საუკუნის ბოლოდან ეს იყო ქალთა პირველი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ეკატერინე ღარიბ გოგონებსაც აძლევდა განათლების მიღების საშუალებას.
„წარმოიდგინე, რომ მე ჯერაც კალამი არ ამიღია ხელში და ყოველი შენგნით მოცემული მასალები და ჩემი ნაფიქრალი და გარდატანილიც, საფუძვლიანათ არ ამინუსხავს. ახალქალაქში ოთხი ოთახი მაქვს და ოთხივე გამოტენილია ჩემი შვილებით და შვილიშვილებით. ჩემი ოთახი მუდამ ხმაურობითა და ბავშვთა ცელქობით არის აკლებული, წიგნები და საწერი მაგიდა მათ სათამაშოთ არის ქცეული... ეს, რასაკვირველია, მწერალი ქალისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მწერლობა ქართველებში ჯერ პატივცემული არ არი და მეც იმდენათ ვარ ტკბილი ბებია, რომ სხვა რიგათ ჩემი ცხოვრების მოწყობას ვერ ვახერხებ. ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქო გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს, თუ ის შენსავით მარტო ხელი არ არის და ჩემსავით შვილიშვილებით არის დატვირთული...“
ნინო ყიფიანი - მწერალი - 70-იანი წლების დასაწყისში, წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებისათვის ნიადაგი იმ პერიოდში მოღვაწე მამაკაცებთან ერთად იმ ქალებმაც მოამზადეს, რომელთაც რუსეთის იმპერიის მიერ დაარსებული გიმნაზიები დაამთავრეს და გააცნობიერეს ქართული სკოლების დაფუძნების აუცილებლობა.
”აბა მითხარით ერთი სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამა- კაცთან? გადაავლეთ თვალი ჩვენს კულტურულ დაწესებულებათ. რიცხვით საკმარისად ბევრია და ყოველ მათგანში საქმის მმართველად ზოგან 7 და 12 კაცში ჭაჭანება არ არის ქალებისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგს გამგეობასთან დროებით დაარსებულ კომისიებს ნივთიერი მხრის საზრუნავდა, ე. ი. ისევე ბილეთების გასაყიდად! და მაშ სად უნდა იყოს მოქმედება ქალისა, მომზადება და ზრუნვა მისი ისეთი დიდი როლისათვის მომავალში? ჰაერში ხომ ვერ დაიწყებს ციბრუტივით ტრიალსა .
არა, ბატონებო, ის რაც იყო ქართველი ქალი ჩვენს წარსულშის, მათ წამქეზებელ იმ დროის მამა-კაცებთან ერთად ისტორიად დარჩა, რადგან მომავლისთვის მას თქვენ არ მისცემთ ფართო გზას მასში ეროვნული შეგნების განმტკიცებისა და მოქმედებისათვის.
დღეს თუ აკეთებს რამეს ქალი, მხოლოდ გამოცალკავებით მამა-კაცებისაგან და ერთობა მუშაობისა უმეტესწილად გამოიხატება იმაში, რომ თქვენ მათ კრებას დაესწრებით და უმფროსის დაყვავების და წახალისების კილოთი ტაშს დაუკრავთ. ბარაქალა, ქალებო, საქმეს კარგად უძღვებით!
ამგვარ, ერთმანეთისაგან გათიშულ მუშაობასა და პირბადეს აფარებაში დიდი განსხვავება მაინც და მაინც არ არის!”
ბაბილინა ხოსიტაშვილი - სოციალისტი ფემინისტი, მწერალი - ფემინისტები ასევე ბევრს მსჯელობდნენ ქალთა ჯამრთელობისა და სექსუალობის საკითხებზე. ქალთა სექსუალობაზე მსჯელობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდეც გაგრძელდა. სექსულობაზე ბევრს წერდა სოციალისტი ფემინისტი ბაბილინა ხოსიტაშვილი.
“ქალის პასივობაში გადასვლა გამოწვეულია მამაკაცის ჰეგემონიით, რომლის ნაყოფი იყო თანდათანობით განმტკიცებული მეშჩანური მორალი, რაც განსაკუთრებით ქალებზე ვრცელდებოდა მათი დამორჩილება-გაპასივების გზით. სწორედ ეს საუკუნოებით ბურჯვგადმგული პასსივობის უღელი უნდა აიგდოს კისრიდან დღეს შეგნებულმა დედაცმა...
ვიმეორებ რომ, ქალის პასიური როლი სქესობრივ აქტის შესრულების პროცესში, არ არის მისი ბუნებრივი დანიშნულება, არამედ გამოწვეულია იგი ერთი მხრივ (მამაკაცის მხრივ) ძალადობა-დამორჩილებით, ანუ ურცხვობით; მეორე მხრივ, (ქალის მხრივ) დათმობით-ნამუსიანობით ანუ მორცხვობით. აქედან წარმოშობილი მსჯავრი, რომ ქალის მხრივ აქტივობა ავხორცობაა. თუ აქტივობა სქესობრივ კავშირის პროცესში ავხორცობად არ იცნობა ერთი მხრივ, მაშინ [ის] ორივე მხარეზე უნდა ვრცელდებოდეს, როგორც მორალური უფლება და არც ერთ მხარეს არ აძლევდეს დამორჩილების უპირატესობას. ფიზიოლოგიურ კვლევით ცნობილია, რომ ქალის პასიურად დარჩენა, აღნიშნულ მომენტში, იწვევს (ქალის მხრივ) ვნებათააშლილობის დაუსრულებლობას, რადგან კმაყოფის მიღწევა მხოლოდ აქტივობით შეიძლება.
თუ საჭიროა კაცობრიობის ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობა, ნორმალობაზე დაყენება, დედაკაცმა უნდა დაიბრუნოს აქტივობის უნარი სულიერად და ხორციელადაც. მორალური თავისუფლება გაჰშლის დედაკაცის აზროვნების სფეროს, აამაღლებს ინტელექტუალურად, ხოლო ეს უკანასკნელი მისცემს უნარს ქვეყნის მართვაში მონაწილეობისას, რის გარეშე შეუძლებელია სოციალიზმის სამეფოში შესვლა კაცობრიობისთვის”.
ტესტები მოამზადა თამთა მელაშვილმა და ლელა გაფრინდაშვილმა.