Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსიკოსი ლაშა კაცია პოლიციის მხრიდან ზეწოლასა და ცემაზე საუბრობს

12 მარტი, 2018 15:36

მუსიკოსი ლაშა კაცია ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დამცინავად ექცეოდნენ. კაცია ჰყვება, რომ პოლიციელები ემუქრებოდნენ დაჭერით, ნარკოტიკის ჩადებითაც. როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას იხსენებს, 9 მარტს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა, პოლიციელებმა კორპუსთან შეაჩერეს და პირადობის წარდგენა სთხოვეს.

„მე ვკითხე, ვინ იყვნენ და წარედგინათ ჩემთვის თავი. მითხრეს, რომ ფორმა ეცვათ და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებდა, რომ მეტი კითხვა საჭირო არ იყო.  მე ისევ მოვთხოვე, რომ ეთქვათ ვინაობა და წარედგინათ სამსახურეობრივი მოწმობა. ამაზე უარი მივიღე. ამის მიუხედავად, ვეცადე, რომ სიტუაცია არ გამემწვავებინა და ჩემი პირადობა მივაწოდე. შემდეგ დაიწყეს ჩემს პირადობაზე სურათების გადაღება, რაზეც ვკითხე, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. შემდეგ დაიწყეს ჩემს მიმართ დამცინავი დამოკიდებულება. ცდილობდნენ, მხრით დამჯახებოდნენ. რამდენჯერმე მოვახერხე, რომ ამეცილებინა. შემდგომ პირადობის დაბრუნება, რომ დაიწყეს, იყო დამცინავი დამოკიდებულება - უშუალოდ ხელში არ მაწვდიდნენ, ხან მარჯვნივ გაწევდნენ, ხან მარცხნივ, „აბა გამომართვი, აბა გამომართვი, რატომ არ მართვევ“, - ასე მაწვალეს დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში“, - ამბობს ლაშა კაცია.

მისი თქმით, პოლიციელებს ასევე ჰკითხა, ჩართული ჰქონდათ თუ არა კამერა, რაზეც უპასუხეს, რომ კამერები არ ჰქონდათ და ჩართულიც ვერ ექნებოდათ.

„ამ დროს ამოვიღე ჩემი მობილური ტელეფონი, რომლითაც დავიწყე გადაღება და ვუთხარი, რომ თქვენ თუ არ გაქვთ, მაშინ მე გადავიღებდი. რათა მქონოდა ის კადრები, რაც იმ დროს ხდებოდა იქ. მე მივიჩნიე, რომ ეს უკვე მათი მხრიდან იყო ძალადობის საწყისი ეტაპი  და ვცდილობდი, რომ კადრებად აღმებეჭდა. ტელეფონი როდესაც ჩავრთე, ეს მათ უკვე აღიქვეს, რომ იყო შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ. რაზეც გავეცი პასუხი, რომ ვიდეოს გადაღება არ ნიშნავს, რომ მათ შეურაცხყოფას ვაყენებდი“, - ამბობს კაცია.

მისი თქმით, შემდეგ მანქანის გადაღებაც უნდოდა, რადგან იყო სამოქალაქო მანქანა და არ იყო საპატრულო ეკიპაჟის მანქანა.

„ვიფიქრე, რომ მანქანის ნომრით მაინც მოვახერხებდი შემდეგ მათ იდეტიფიცირებას. ვუთხარი ისიც, რომ განყოფილებაში ჩავიდოდი და დავწერდი საჩივარს მათი ქცევის შესახებ, რომ მათ გადაამეს უფლებამოსიოლებას. მანქანისკენ დავიძარი თუ არა, არც მაცადეს მანქანამდე მისვლა, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც პირადობაზე მაწვალებდა და დამცინოდა, ხელიდან გამომტაცა ტელეფონი და 2-მა ადამიანმა დაიწყო ჩემი მანქანაში ჩატენვა. გადამიგროხეს ხელები, მანდ უკვე გავუწიე წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რისთვის მაკავებდნენ, არც უთქვამთ არაფერი [რისთვის მაკავებდნენ]. ხელიდან გამტაცეს ტელეფონი და ძალით დაიწყეს ჩემი მანქანაში ჩატენვა. წინააღმდეგობას ვიწევდი, თან შველას ვითხოვდი, რომ ვინმეს მაინც გაეგო ჩემი ხმა. ბოლოს სუნთქვის საშუალებასაც მიხშობდნენ, ყელზე მოჭერით, ხელის აფარებით, რომ არ დამეყვირა და არავის, რომ არ გაეგო ეს ამბავი. დიდხანსაც ვეღარ გავუძალიანდი და ჩამტენეს მანქანაში...  ბოლოს უკვე ვეხვეწებოდი, რომ ჰაერი მაინც მომეცით, ვეღარ ვსუნთავ-მეთქი.“,- ამბობს ლაშა კაცია.

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა სახლიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით გააჩერეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კაცია იხსენებს, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჰყავდათ. შემდეგ კი მათთან, თეთრი შკოდით კიდევ ერთი მანქანა მივიდა.

„[პოლიციის თანამშრომელი] ჩაჯდა ჩვენს მანქანაში. მისი პირველივე შეკითხვა იყო, თუ რატომ ვაყენებდი ოპერმუშაკებს შეურაცხყოფას. რაზეც ვუთხარი, განმიმარტეთ, რას ნიშნავს შეურაცხყოფა-მეთქი, ის, რომ უნდა ვიცოდე თუ ვის ვაძლევ პირადობას ის, რომ მე გადავიღე, ეს შეურაცხყოფა არაა“, - ამბობს კაცია.

კაცია იხსენებს, რომ შემდეგ ბორკილებდადებული გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. ითხოვდა ადვოკატსა და ზარის უფლებას, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ 5 წუთში დაარეკინებდნენ.

„2 თანამშრომელი მეუბნება, რომ შენ ახლა სასამართლოზე წარდგები და უნდა თქვა, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენე და ინანიებ ამ საქციელს. შემდეგ ჩვენც ლმობიერები ვიქნებით და ვიტყვით, რომ ამ ბიჭის ეს პირველი შემთხვევაა, მოდი დავინდოთ, არ გავწიროთ, კარგი ბიჭია“, - ამბობს კაცია.

მისი თქმით, როდესაც განყოფილება დატოვა და მობილური ტელეფონი დაუბრუნეს, გადაღებული ვიდეოები ტელეფონიდან წაშლილი იყო. მისი თქმით, სცადა, რომ სპეციალური პროგრამებით აღედგინა, თუმცა უშედეგოდ.

კაცია ამბობს, რომ ამჟამად მისი ტელეფონი ექსპერტიზაზეა. ექსპერტიზა მასაც ჩაუტარდა, ვინაიდან, მისივე თქმით, აქვს დაზიანებები და აწუხებს ტკივილები.

კაცია იხსენებს, რომ პოლიციელები აშინებდნენ დაჭერით, ეუბნებოდნენ, რომ რაღაც მიზეზს მოუდებდნენ და დაიჭერდნენ, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს.

„ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე დიდი აგრესიით გამოირჩეოდა, მეუბნებოდა, შენ ხომ არ გგონია, რომ რამე შეიცვალა, ზემოთ ხალხი შეიცვალა, ქვემოთ კი ისევ ისინი დარჩნენ. შეიძლება უარესი დაგემართოსო, ჩემი დაშინება უნდოდათ, რომ ეს კიდევ ყველაფერი არ იყო, რაც კი მელოდა წინ... მანქანაში მითხრეს - შენნაირი ადამიანები აჩენენ უნდობლობას პოლიციის მიმართ, შენ რომ ასე იქცევი, იმიტომ არ უყვარს ხალხს პოლიციაო. დაისჯები, რადგან არ გიყვარს პოლიციაო“, - ამბობს კაცია.

კაციას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^