
„ბატონის სასახლის“ ვიტრაჟული სარკმლის ფოტოები, რომელიც Facebook-ში გავრცელდა, არის ძველი, რეაბილიტაციის პერიოდის და არ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.
როგორც სააგენტოდან გვითხრეს, ვიტრაჟული სარკმელები რეაბილიტაციის დროს მოიხსნა, რადგან ის არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და ის ნაწილი, რომელსაც ფიზიკური ფორმა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვთ, დასაწყობებულია სარდაფში.
„დასაგმობი ფაქტია, როდესაც ძველი, რეაბილიტაციის პერიოდის ფოტოსურათები ვრცელდება და აბსოლუტურად არ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. ვარგისი ვიტრაჟების ნაწილი, რომელიც „ბატონის სასახლიდან“ მოიხსნა და ფიზიკური ფორმა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვთ, დასაწყობებულია სასახლის სარდაფში და მათ შემდგომი ზიანის საფრთხე არ აქვთ, ხოლო ეზოს ერთ-ერთი თაღის შიგნით არის დასაწყობებული უკვე მთლიანად განადგურებული ვიტრაჟების ფრაგმენტები, რომელიც იშლება. ეს განაპირობა ალბათ იმან, რომ თავის დროზე ის უხარისხოდ იყო დამზადებული და ამავდროულად შემინვაც არ იყო სათანადო დონეზე“, - განუცხადეს „ლიბერალს“ სააგენტოდან.
მათი თქმით, სარკმელების დაზიანების გამო ის ჩამოიხსნა და ავთენტური ფორმის ვიტრაჟებით ჩანაცვლდა, ისე, როგორც ეს რეაბილიტაციის პროექტით იყო გათვალისწინებული.
„ამიტომ მათი მდგომარეობა, ვერც თავის დროზე, ვერც შემდეგ ვერანაირ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ეს გახლავთ საბჭოთა პერიოდის პროდუქტი, როგორც ჩვენ ვიცით, 80-იან წლებში გაკეთებული. ასე რომ, გადაწყვეტილება მათი მოხსნისა და ხელახალი ავთენტური ფორმის ვიტრაჟების ჩანაცვლების შესახებ იყო პროექტის შემადგენელი ნაწილი, სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაზე დაფუძნებული და ის შეთანხმდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან. ეს მოხდა, სავარაუდოდ, ორი წლის წინ. ეს არის რამდენიმე თვის წინ გადაღებული, იმ პერიოდში, როცა რეაბილიტაციის შემდეგ სასახლე გაიხსნა“, - განაცხადეს სააგენტოდან.
მათი თქმით, იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ჩამოხსნილ სარკმელებს, კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას შემდეგში მიიღებს.
„უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, დაიშალოს ეს ყველაფერი და მინის ნაწილები ცალკე შევინახოთ, თუ სხვა დანიშნულება მიეცეს. ეს გახლავთ შემდეგი ეტაპი“,- თქვეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო