თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ზურაბ ნეფარიძის შვილი, ზურაბ ნეფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურას ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბრალდებულის შვილი განმარტავს, მას მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ.
„ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი, თქმა მიჭირს. როდესაც მიმიყვანეს მოდულში დამიდეს ეს მასალები და მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა მაჩვენებდნენ კიდეც და მაყურებინებდნენ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილიც. ამის გარდა, ხდება დღეს ის, რომ მიმდინარეობს კიდევ ზეწოლა ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების მუქარაც არის. ოჯახი ბოლომდე გაგვანადგურეს,“ - განაცხადა დაკავებულის შვილმა, ზურაბ ნეფარიძემ.
დაკავებულის მიმართ შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობს ადვოკატიც. ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გადაღებულია ფარული ვიდეოკადრები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არ დევს მტკიცებულების სახით.
პროკურორი ბექა ეჟიშვილი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. პროკურორი ამბობს, რომ ნეფარიძის შვილზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა.
„გამოვრიცხავ ბრალდებულზე, ან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ან შანტაჟს, მსგავსი რამ არ ყოფილა. მრავალტომიან საქმეში არ არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი არანაირი ვიდეოჩანაწერი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას. პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ჩემი სამსახურებრივი საქმიანობის მოკვლევა დაიწყო და შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, მზად ვარ, ნებისმიერ ქმედებაზე ვაგო პასუხი“, – აცხადებს ბექა ეჟიშვილი.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი, ზურაბ ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გაიმართება.