„ერთია და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა საქართველოში“ - კამპანიის პრეზენტაცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა.
ორგანიზაციის განცხადებით, კამპანიის მიზანია სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების გზით არსებული საკანონმდებლო უთანასწორობის ნაწილობრივი აღმოფხვრა.
„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე იმ სარგებელსა და უფლებებზე საუბრობს, რაც დაქორწინებულ წყვილებს აქვთ, მაგრამ საქართველოში მცხოვრებ ერთი და იმავე სექსის წყვილებს არ გააჩნიათ.
„თუ ერთი პარტნიორი არის საავადმყოფოში, მეორეს არ უშვებენ მოსანახულებლად, თუ ერთი პარტნიორი არის ციხეში, მეორე პარტნიორს არ აძლევენ მისი მონახულების საშუალებას; დაზღვევა ან ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ სარგებელი, რომელიც შეიძლება ოჯახზე გავრცელდეს, ლგბტ წყვილებისთვის არ არსებობს - ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ასეთ პრობლემებს. უამრავი სარგებელი, უფლებები - ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ, ხოლო ერთი და იმავე სქესის წყვილებს არ გააჩნიათ“, - ამბობს ლევან ბერიანიძე
ბერიანიძის თქმით, კამპანიის მიზანია, რომ საზოგადოებას, მათ შორის ლგბტ თემის წევრებს, გაეზარდოთ ცნობიერება სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ.
„ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ რას უკავშირდება სამოქალაქო პარტნიორობა და ისიც არ იცის თუ რა ზარალი მოიტანა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომლეიც დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო პარლამენტმა. გვინდა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ და საბოლოოდ მივიდეთ მიზნამდე. მიზანი კი უკავშირდება სამართლებრივი ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც დაარეგულირებს ლგბტ ადამიანებს შორის ურთიერთობას და მათ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ისეთივე უფლებით, როგორითაც სარგებლობენ საზოგადოების დანარჩენი წევრები“, - ამბობს ლევან ბერიანიძე
ორგანიზაციის განცხადებით, თუ წყვილმა საკუთარი კავშირი იუიდიულად არ გააფორმა, მაშინ მათი ურთიერთობა „იურიდიულ შედეგებს არ იწვევს“. სამოქალაქო პარტნიორობა არ არის ქორწინების თანასწორი ინსტიტუტი. იგი არ ითვალისწინებს შვილად აყვანის უფლებას და მხოლოდ აწესრიგებს იმ საბაზისო უფლებებს, რომელსაც სახელმწიფო ქორწინებაში მყოფი განსხვავებული სქესის მქონე წყვილებს ანიჭებს.
„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზარზეიმით მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, ამ ინიციატივას ერთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის და ბევრი სხვა ინსტიტუციის რეკომენდაციებიც, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას აღნიშნული რეფორმისკენ“, - ამბობს „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი
2017 წელს პარლამენტმა კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, რითაც „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ლგბტ ადამიანების მიმართ ნეგატიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას საზოგადოებაში.