_მესოპოტამია.png)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქართულ ბანკებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში არა ბანკები, არამედ მევახშეები არიან. „ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„ივანიშვილმა თანამდებობებზე ბანკებიდან წამოსული ხელის ბიჭები დანიშნა. ისინი არ არიან ბანკირები, ისინი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი მევახშეები“, - დაამატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, 2012 წლის შემდეგ ქართველი ხალხი გაღატაკდა, პარალელურად კი ბანკების მოგება გაიზარდა ექვსჯერ. რაც მისი თქმით, სწორედ ხალხის ხარჯზე მოხდა. „ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები, ფინანსები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა.“
სააკაშვილის აზრით, ივანიშვილი გაურიგდა მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“ და ირაკლი რუხაძეს, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ მფლობელია. „პრაქტიკულად სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში - ივანიშვილი და მასთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. აი ეს სამი ადამიანი თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი და მე ვიტყოდი პირდაპირ - საქართველოს მტრები“, - დასძენს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.