Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიადაძე: საპატრიარქო არ მიიჩნევს, რომ აუცილებელია რელიგიურ გრძნობებზე კანონის გამკაცრება

25 აპრილი, 2018 16:03

საპატრიარქოს პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძის თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი საპატრიარქოს ინიციატივა არ არის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით.

როგორც ზვიადაძემ ჟურნალისტებთან თქვა, საპატრიარქოს თვითმიზნური დამოკიდებულება არ აქვს და დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ კანონის საჭიროებაზე ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს.

„საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა.

რელიგიური გრძნობები არის უაღრესად სათუთი საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად, ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებაც, თუმცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გარეშე.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება, ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული და ეს მკვეთრი ზღვარიც უნდა იყოს გავლებული, რომ ყველამ იცოდეს – დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.

შეკითხვაზე, უნდა გავრცელდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ინიციატივა სასულიერი პირებზეც, პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

„მე არ მიმაჩნია, რომ სასულიერი პირს არ უნდა შეეხოს რაიმე კანონი და სხვას უნდა შეეხოს. ვფიქრობთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკი ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი სისხლის სამართლის კოდექში 155-ე პრიმა მუხლის დამატებას მოითხოვს - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მოქმედ რედაქციას, 155-ე მუხლით რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება.

1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^