მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ ყრილობა დაიწყო. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობას დასთანხმდა.
„მივესალმები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მას“, - თქვა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ განახლება სჭირდება, რათა გრძელვადიანი მიზნების მქონე ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს.
„ჩვენ როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას.
აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი მიზნების მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს. რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა ყრილობაზე.