საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ღია საზოგადოების ფონდმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა დაიწყება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის. სერვისი 1 ივლისიდან ამოქმედდება.
„2000 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულია 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ, პაციენტის უფლებების დაცვა. ასეთი კანონების არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის - პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისა და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხევვაში ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.“ - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიულ კონსულტაციებს სამედიცინო მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში.
პაციენტებს საიას მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.
ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
1 ივლისს პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
„პაციენტის უფლებებზე მომუშავე ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა და მომართვიანობამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში. კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლების და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს.“ - ნათქვამია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.