პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
მამუკა ბახტაძემ „მცირე მთავრობის" კონცეფციაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „მცირე მთავრობა" არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, არამედ ეს გულისხმობს ეკონომიკაში ხარჯის წილის შემცირებასაც.
„ესაა კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მთავრობის ხარჯს მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯი ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3%. „მცირე მთავრობის" კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9 %-ს.
თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა - 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რადგან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ „მცირე ზომის" მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ სამინისტროების მცირე რაოდენობას. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯის წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხა რა მიმართულებებით დაიხარჯება. ეს ჩვენი შეხედულებით, პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.