იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ წრეებს და ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესში. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„ეს მაღალი ტრიბუნა მინდა გამოვიყენო იმისათვის, რომ შეგახსენოთ ყველას - აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს, ოპონენტებს, მხარდამჭერებს და ყველას, რომ 4 ივლისს იწურება ვადა საჯარო კონსულტაციებისა, რომელიც მიმდინარეობს ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატის შესარჩევად და გთხოვთ, მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ჩათვალეთ, რომ ეს მოწოდება, არის ის საჯარო მოწოდება, რომელიც ეხება ყველას და ყველაში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას", - განაცხადა წულუკინმა.
მისი თქმით, დღემდე შესულია რამდენიმე კანდიდატურა და მათგან ქალი მხოლოდ ერთია, რაც, მისი თქმით, არჩევანის საშუალებას ზღუდავს.
„გთხოვთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ ასევე ქალ კანდიდატებზეც, რადგან სია უნდა იყოს დაბალანსებული", - აღნიშნა წულუკიანმა.
-
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს.
„ჩვენ თეა წულუკიანს კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე 5 ივნისს განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.