გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი იატაკით ტაძრის ავთენტურობა არ დაირღვევა - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ „ლიბერალთან“ იმ ფოტოების შესახებ განმარტა, რომლებიც Facebook-ზე გავრცელდა. ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ინა სუკიასიანმა გაავრცელა.
ფოტოებზე იატაკის შეცვლის პროცესია აღბეჭდილი, რომელიც გათბობის ახალი სისტემის დასაყენებლად გახდა საჭირო.
ბექა ბარამიძის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ითხოვა. ნებართვის წერილში განმარტებული იყო, რომ გერგეტის სამება მძიმე კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებშია, 2200 მეტრზე, -20-25 გრადუს ყინვაში რთულია სამონასტრო ცხოვრების წარმართვა, ამიტომ, აუცილებელია, იქ გათბობის ახალი სისტემის შეყვანა და შესაბამისად, იატაკის შეცვლა. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, გერგეტში უნდა აიყაროს 2003 წელს დაგებული იატაკი და სანაცვლოდ, იქ ე.წ. ბოდბის ქვას აგებენ:
„ესაა ბუნებრივი ქვა, რომლითაც სრულად შენარჩუნდება სამების ავთენტური სახე. ის არ დაარღვევს არც ძველ არქეოლოგიურ შრეებს და არც ტაძრის ინტერიერს. ეს შეამოწმეს ზედამხედველობის სააგენტომ და სხვა არქიტექტორებმაც“.
ბარამიძისვე თქმით, გათბობის სისტემა ისეთ ადგილზე დამონტაჟდება, სრულიად უხილავი იქნება. ასევე შეიფუთება ის ელექტროსადენები, რომელიც ფოტოში ჩანს: „ყველა ეს პროცედურა სააგენტოსთან შეთანხმებულია და შეიძლება ითქვას, რომ ახალი იატაკი და გათბობის სისტემა არ დაარღვევს ტაძრის ჰარმონიულ იერსახეს“.
მიმდინარე სამუშაობი 25 ივნისს უნდა დასრულდეს.
ფოტო: ინა სუკიასიანი
სააგენტომ მოგვაწოდა ფოტომასალა, როგორი იქნება იატაკის დაგების შემდეგ ტაძრის იერსახე.