
მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში საპროკურორო საბჭომ მხარი შალვა თადუმაძეს დაუჭირა. იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მან მოუსმინა კანდიდატებს. მისი თქმით, შალვა თადუმაძის ზოგიერთი ინიციატივა მისთვის იყო ახალი და მათ შორის არასრულწლოვანთა კოდექსის შესახებ შედგა დებატები, რომლის ზოგიერთ ნორმას თადუმაძე აკრიტიკებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მეც 5 წელზე მეტია ვარ ამ პოზიციაზე, თადუმაძეც მთავრობის ადმინისტრაციაშია ამდენი წელი, თითქოს მე ვიცნობდი ყველა მის ინიციატივას. არ დავმალავ, მას ჰქონდა ისეთი ინიციატივები, რაც ჩემთვის იყო სიახლე. ჩვენს შორის პატარა დებატებიც შედგა, იმიტომ, რომ მან საბჭოს სხდომაზე გაასაჯაროვა ის, რომ მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მთავრობას არასრულწლოვანთა კოდექსი წარვუდგინე. ზოგიერთ ნორმასთან დაკავშირებით შალვა თადუმაძეს ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები და ამ თემაზე ჩვენ გვქონდა სხდომაზე აზრების გაცვლა-გამოცვლა. როგორც ჩანს, ის კრიტიკულ პოზიციას კოდექსის ზოგიერთ ნორმასთან და ჩემს მაშინდელ პოზიციასთან დაკავშირებით ინარჩუნებს. საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დავუჭერდი თუ არა მხარს მას, როგორც მამაკაც კანდიდატს, კენჭისყრაში მონაწილეობა რომ მიმეღო - არ ვიცი. თუმცა მე არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში საპროკურორო საბჭომ მხარი შალვა თადუმაძეს დაუჭირა. კენჭისყრის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შალვა თადუმაძემ 12 ხმა მიიღო. კენჭისყრა ფარულად გაიმართა. საპროკურორო საბჭოს 15 13 წევრი ესწრებოდა და კენჭისყრაში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ, რაც შალვა შავგულიძემ პროკურორობის კონკურსიდან პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა, პროკურორის შესარჩევ კონკურსში ორი კანდიდატი დარჩა. ესენი იყვნენ: შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.